ახალი ამბები

ღარიბაშვილი კატარშიც ირწმუნება, რომ რუსეთში მილიონი ქართველი ცხოვრობს

24 მაისი, 2023 • 746
ღარიბაშვილი კატარშიც ირწმუნება, რომ რუსეთში მილიონი ქართველი ცხოვრობს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ ამტკიცებს, რომ რუსეთში 1 მილიონი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს. ამის შესახებ მან კატარის ეკონომიკური ფორუმზე განაცხადა.

ღარიბაშვილს ჰკითხეს, როგორ აუხსნიდა საერთაშორისო საზოგადოებას დღეს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას. რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ რუსეთთან ფრენები ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ნაწილია.

„ჩვენ არ გვითქვამს, რომ შევაჩერებდით ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს. ბევრ ქვეყანას აქვს რუსეთთან ფრენები, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია საქართველოში არ იფრენს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, რის შემდეგაც მას აშშ-ის პოზიცია შეახსენეს, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის.

ღარიბაშვილს ჰკითხეს, ხომ არ აღიზიანებს საქართველო მეგობრებს რუსეთთან ფრენების აღდგენით, რაზეც მან კვლავ გაიმეორა, რომ ეს რუსეთთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ნაწილია.

„აშშ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი არის და მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რაც აშშ-ის ჩვენთვის გაუკეთებია და ევროპის მადლიერიც ვართ. საქართველოს სუვერენული უფლებები აქვს, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. როგორც განვმარტე, რუსეთთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს და 1 მილიონი ეთნიკურად ქართველი გვყავს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს დიასპორის სახით და მე მგონია, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები ჩვეულებრივი ამბავია. თან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთთან რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ. ეს არის ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი, ისევე, როგორც ევროკავშირი და ამერიკა აკეთებს რუსეთთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამის შემდეგ ღარიბაშვილს ჰკითხეს მისი რიტორიკა, ხომ არ ემთხვევა პუტინის ნარატივს.

„არ ვიტყოდი ასე, ეს არის ჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


„რუსეთში მილიონი ქართველი ცხოვრობს“ – ამ არგუმენტს ხშირად მოისმენთ „ქართული ოცნების“ თუ პრო-რუსული ძალების წარმომადგენლებისგან, როცა საუბარი რუსეთთან ურთიერთობაზე ან კონკრეტული ნაბიჯების გამართლებაზე მიდის.

როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები გვეუბნებიან, კრემლის მიერ სავიზო რეჟიმის თუ პირდაპირ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვის გაუქმება, – „ცალმხრივად დაწესებული სანქციების“, – დიდად გაუმარტივებს ცხოვრებას ამ „მილიონ ქართველს“ და სწორედ ამიტომ, „ოცნება“ ამ სანქციების გაუქმებას ემხრობა.

თუმცა, უცნობია, კონკრეტულად რომელ მონაცემს ეყრდნობიან მმართველ პარტიაში რუსეთში მცხოვრებ მილიონ ქართველზე საუბრისას.

ღია წყაროებში ძებნისას „ნეტგაზეთმა“ ვერ მიაკვლია საქართველოს თუ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების ოფიციალურ სტატისტიკას, სადაც ასეთ რიცხვზე იქნებოდა საუბარი.

„საქსტატში“ გვითხრეს, რომ ასეთი მონაცემები არ აქვთ. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი გვიპასუხეს, რომ საკითხს არკვევენ.

რუსეთის 2020 წლის აღწერის თანახმად, სულ საქართველოში [მათ შორის – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რუსულ დოკუმენტში მოცემულნი არიან როგორც ცალკე სახელმწიფოები] დაბადებული 257 725 ადამიანი ცხოვრობს რუსეთში.

ამ თემაზე გირჩევთ

მასალების გადაბეჭდვის წესი