ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში უკრაინასა და სხვა ქვეყნებს ეწვევა, რათა „უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტაზე სიღრმისეული კომუნიკაცია აწარმოოს“.
ჩინური გამოცემა Хіnhua-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.
ჩინეთს სურს მედიატორობა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაში. რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე პეკინმა წარმოადგინა 12-პუნქტიანი ხედვა უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების შესახებ.
20-22 მარტს სი ძინპინი რუსეთში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის და ჩინეთის მიერ ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომელიც უკრაინას ეხებოდა.
განცხადება მოუწოდებს „სამშვიდობო მოლაპარაკებებისა“ და „პასუხისმგებლობიანი დიალოგისკენ“, ასევე, აკრიტიკებს ნატოს და „ცალმხრივ სანქციებს, რომლებიც დაწესებულია გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით“. გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთს ვეტოს უფლება აქვს. ამიტომ საერთაშორისო სანქციები დაწესებულია ევროკავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს და სხვა ქვეყნების მიერ არა გაეროს ფორმატში.
ზელენსკისა და სი ძინპინს შორის I საუბარი შედგა ომის დაწყების შემდეგ