ახალი ამბები

დიდი საფრთხეა, რუსეთი ოკუპაციიდან ანექსიის პოლიტიკამდე გადავიდეს – პაპუაშვილი

22 მაისი, 2023 • 2439
დიდი საფრთხეა, რუსეთი ოკუპაციიდან ანექსიის პოლიტიკამდე გადავიდეს – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დიდია საფრთხე, რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან ანექსიის პოლიტიკაზე გადავიდეს.

მისი თქმით, საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის ნებისმიერი სახის სანქციის დაწესება ესკალაციაზე წასვლას ნიშნავს.

„ნებისმიერი ასეთი ქმედება, რაც შეეხება ვიზის შემოღებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას და სხვას, ეს არის სანქცია, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანა მიდის ესკალაციაზე რუსეთთან. ესკალაცია გულისხმობს, რომ ისეთ სპირალში შევდივართ, რომლის შედეგების წინასწარი განჭვრეტა შეუძლებელია. შესაბამისად, როდესაც ამის საპირისპიროდ აწესებ სანქციებს, მოსალოდნელია, რომ იქნება კონტრსაქნციები, საპასუხო ზომები, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას შეექმნება საფრთხე და ეკონომიკურ კეთილდღეობას.

ყველას შევახსენებ, რომ რუსეთის ჯარი დედაქალაქიდან 30 კილომეტრშია, დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მთავარი ავტობანიდან 500 მეტრში იმყოფება. ეს არის უდიდესი სამხედრო რისკი, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. გარდა ამისა, იცით, რომ დიდია საფრთხე, რომ რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან გადავიდეს ანექსიის პოლიტიკამდე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ისინი, ვინც საქართველოს სანქციებთან შეერთებისკენ მოუწოდებენ, უსაფრთხოების გარანტიებს არ იძლევიან.

„ამიტომ ისინი, ვინც გვთავაზობენ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას, ასევე ვიზის დაწესებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, სინამდვილეში გვეუბნებიან, რომ უნდა გავრისკოთ და უნდა შევიდეთ რუსეთთან ესკალაციაში, შესაბამისად, შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში. მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ვინც გვეუბნებიან, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ რუსეთის მიმართ, არ გვაძლევენ არც უსაფრთხოების გარანტიას, არც ეკონომიკური დაცულობის გარანტიას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი