„ბებიას ვერ ველაპარაკე თავის დროზე. მაშინ პატარა ვიყავი. დიდი გულისტკივილია ეს ჩემთვის, რასაც ვატარებ. ყველას მინდა ვთხოვო, ელაპარაკეთ მოხუცებს, მშობლებს, ყველას, ვინც ძველი თაობის გყავთ გარშემო. სულ არ იქნებიან ისინი. თუკი რამე არსებობს საინტერესო, ადამიანის ცხოვრებაა. მიდიან და მიაქვთ ამბები, რომლებიც არ გამოვკითხეთ.“
მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე ნეტგაზეთს თავისი ოჯახის ისტორიას უზიარებს. ბებია, შურა გოგუაძე, 1937 წელს დახვრეტილი რაფიელ გოგუაძის ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი შვილი იყო — მარტოხელა დედა, ფეხბურთის თავგადაკლული გულშემატკივარი, რომელმაც თავისი ცხოვრების 26 წელი ეტლში გაატარა ხერხემლის დაზიანების შემდეგ. გაზარდა შვილიშვილები და ცხოვრების ბოლომდე მთელი არსებით სძულდა კომუნისტები.
ძალიან საინტერესო ქალი იყო ბებიაჩემი, შურა გოგუაძე, ძალიან ძლიერი და მებრძოლი. 45 წლის ასაკში გურიაში, თავის სოფელ ჭანჭანთში იყო ჩასული დედასთან. ლეღვის ხიდან ჩამოვარდა. სულ ერთი მეტრის სიმაღლიდან, მაგრამ ისე დაეცა, რომ ხერხემალი გადაიტეხა და ეტლიდან ვეღარასდროს ადგა. 71 წლის იყო, რომ გარდაიცვალა, 1987 წელს.
ქმარს გაშორებული იყო. მამა რომ დაიბადა, მალევე დაშორდნენ. 25 წლის ქალი დარჩა მარტოხელა და მარტომ გაზარდა მამაჩემი. ომის გამოვლა მარტოხელა დედისთვის რას ნიშნავდა, არაა ადვილი წარმოსადგენი.
ცეცხლივით ქალი იყო, პატარა ტანით, წითური თმით, ძალიან გამხდარი და ყოჩაღი. განსაკუთრებით მძაფრად მახსოვს მისი ღონიერი მკლავები და ხელის მტევნები, რაც ამ ტანად პატარა ქალს ეტლის მართვისას წლების განმავლობაში განუვითარდა. ყველაფერი ისე გვქონდა სახლში მოწყობილი, რომ ბებიაზე, მის საჭიროებებზე მორგებული ყოფილიყო.
ის იყო ჩვენი ბავშვობის მთავარი თანამგზავრი. ბებია, ეს ეტლზე მჯდომი ქალი, გვზრდიდა შვილიშვილებს. ყველაფერი მან გვასწავლა, კითხვაც, ანგარიშიც. თუკი რამე შეიძლება, რომ ბებიამ შვილიშვილებს გაუკეთოს, გვიკეთებდა. ის გვხვდებოდა სახლში, როცა სკოლიდან მოვდიოდით, ალაგებდა, საჭმელს აკეთებდა. ფეხბურთის გადარეული ფანი იყო, გიჟდებოდა „დინამოზე“. ასეთი იყო ბებია.
რაფიელ გოგუაძის ამბავი
შურას მამა, რაფიელ გოგუაძე ძალიან საინტერესო კაცი, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს. 52 წლის იყო მაშინ.
გლეხის კაცი იყო, აკადემიური განათლების გარეშე, მაგრამ თვითგანათლებული. გურულები ხომ იცით, პოლიტიკურად აქტიური ხალხია, პოლიტიკაში ჩართული და ხვანცალა. მენშევიკი იყო, მენშევიკური მთავრობის ახლობელი და თანამოაზრე. რა თქმა უნდა, დაიჭირეს, როცა გასაბჭოება მოხდა და გადაასახლეს უზბეკეთში.
10 წლის შემდეგ ჩამოვიდა გურიაში და სულ ერთი-ორი წელი გაატარა იქ. მერე ისევ დაასმინა ვიღაცამ. როგორც მამა ამბობდა, საკუთარმა ნათესავმა. გაგანია 30-იანი წლებია, ასეთი ტერმინი ჰქონდათ მაშინ — „პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო“. ვიღაც დაწერდა ანონიმურ წერილს, შეიძლება, შენთან შელაპარაკების ნიადაგზე, რომ არ ხარ ბოლშევიკებისთვის სანდო და ეს საკმარისი იქნებოდა. ჩვენსავე სოფელში დალაქი იმიტომ დახვრიტეს, რომ სტალინზე უხუმრია და ვიღაცამ დაასმინა. ასე დაასმინეს ბაბუა, როგორც პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო, ყოფილი მენშევიკი, ისევ დაიჭირეს და გააქრეს.
ბებია სულ ამბობდა, იქნებ სადმე იცოცხლა, როგორც მანამდე გაატარა 10 წელი უზბეკეთში, იქნებ, მომდევნო ჯერზეც გადარჩაო. არაფერი ვიცოდით, უბრალოდ, აორთქლდა კაცი. მერე, უკვე 80-იან წლებში, როცა არქივები გაიხსნა, 1989 წელი იყო, თუ არ ვცდები და ბებიაც აღარ იყო ცოცხალი, გავიგეთ, რომ მაშინვე დაუხვრეტიათ. არსად გადაუსახლებიათ. აქვე მოუღეს ბოლო, სადღაც თბილისთან ახლოს.

შურა გოგუაძე შვილიშვილებთან, ხათუნასთან და თამართან ერთად
რამდენიმე წლის წინ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში დამეხმარნენ და მომცეს ჩემი დიდი ბაბუის დაკითხვის ოქმის ამონარიდი, რომელიც „კაგებეს“ არქივში ინახება. ორი ამონარიდია. ერთი აღწერაა — ოზურგეთის მაზრიდან, გლეხი, ამდენი და ამდენი შვილით. ძალიან უცნაური ტერმინი წერია შვილებზე — შრომის უუნაროო. ვერ ვხვდებოდი, ეს რას ნიშნავდა და გვიან გავიაზრე, რომ არასრულწლოვნებს მოიხსენიებდნენ ასე.
მეორე ამონარიდი დაკითხვის ოქმია. წარმოიდგინეთ, კაცი დაიჭირეს 1937 წელს, ამ საშინელი ტერორის დროს და აქვს ასეთი კითხვა-პასუხი, წავიკითხავ:
— არის თუ არა დაცული საქართველოს დამოუკიდებლობა?
— ჩემის აზრით, სრულიად არ არის დაცული საქართველოს დამოუკიდებლობა (ხომ გინდა გამბედაობა, რომ ეს თქვა 1937 წელს?!)
— თუ დაცული არ არის, რატომ?
— დამოუკიდებელ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თავისი ტერიტორია, თავისი რკინის გზა, ჯარი.
— საჭიროა თუ არა წითელი არმიის გაყვანა საქართველოდან?
— სახელმწიფოს ესაჭიროება ჯარი და მას უნდა ჰყავდეს თავისი ჯარი.
1937 წელს კაცი ამბობს, რომ საქართველო არ არის დამოუკიდებელი და რომ იყოს დამოუკიდებელი, მაშინ მას საკუთარი ჯარი ეყოლებოდა!
მე რომ მოვინდომე, ეს დოკუმენტები სრულად მომეპოვებინა, ჯერ პანდემია იყო, მერე საერთოდ დახურა ხელისუფლებამ „კაგებესა“ და კომპარტიის არქივები და მთლიანად ხელმიუწვდომელი გახადა. იმედი მაქვს, რომ ოდესმე მოვახერხებ ეს დოკუმენტები ბოლომდე ვნახო.
კილაძეების ამბავი
აქამდე მამის ოჯახზე ვყვებოდი, მაგრამ მსგავსი ისტორია აქვს დედაჩემის ოჯახსაც. ბაბუას ორი ძმაც, სოსო და ილია კილაძეები, 1937 წელს დახვრიტეს. ილია კილაძე ფილოსოფოსი იყო, სოსო კი – აგრონომ-ინჟინერი.
ილიას შვილი 5 წლის იყო, მამა რომ დაუხვრიტეს. დაასმინა მეზობელმა, რომელსაც მათი ბინა უნდოდა ვერაზე. მიაწებეს ხალხის მტრის იარლიყი, გამოასახლეს ბინიდან დედა პატარა ბავშვით. გადაუყვანიათ ყაზბეგის ქუჩაზე პატარა ერთოთახიან ბინაში, რომელიც ასევე ვიღაცას წაართვეს მანამდე. ისიც დიდი ბინა ყოფილა და ბევრ ნაწილად დაუყვიათ. თითოეულ ნაწილში შეასახლეს გადასახლებული და დახვრეტილი ადამიანების ოჯახები. ისე იყო დაყოფილი ეს ბინა, რომ ტუალეტი მოქცეულა გვერდზე სადარბაზოში. ტუალეტში რომ წასულიყვნენ, ჩადიოდნენ ოთხ სართულს და გვერდზე სადარბაზოს მეოთხე სართულზე ადიოდნენ. ასე იცხოვრა ამ ოჯახმა.
რეაბილიტაციაც როგორი ირონიული და დამცინავი იყო საბჭოთა კავშირში. მისცეს ფურცელი, რომ თურმე დამნაშავე არ იყო ილია კილაძე და ტყუილად დაუხვრეტიათ.
ვიდრე საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა
საბჭოთა კავშირში პოლიტიკაზე დიდად არ ლაპარაკობდნენ. მაგრამ ბებია დახვრეტილი მამის შვილი იყო, გამწარებული დედის შვილი იყო. მახსოვს, როგორ ვერ იტანდა კომუნისტებს.
მამაჩემიც მოგუდულად, მაგრამ საშინლად ანტიკომუნისტი კაცი იყო. დედაჩემი საყვედურობდა კიდეც, ბავშვებთან ნუ ლაპარაკობო. ჩემი და რომ კომკავშირში მიიღეს, 14 წლის იყო, მე – 13-ის. კომკავშირის კრებაზე ამ 14 წლის ბავშვს ამოასხა, ვერ მოითმინა, გამოდგა და უთხრა ისეთი რამე, დაახლოებით, რას ბოდავთო.
საღამოს ორი ლაბადიანი კაცი დაგვადგა მისი კლასის დამრიგებელთან ერთად. ღამის 10 საათი იყო. 1986 წელი იქნებოდა. გამორჩეული, ფენომენალური ნიჭის ბავშვი იყო ჩემი და, კლასში საუკეთესო. მშობლებს უთხრეს, რომ უმაღლესში ვერ ჩააბარებსო. 14 წლის ბავშვს დაემუქრნენ. მახსოვს, როცა წავიდნენ, დედა მამას ეჩხუბა, შენ რომ არ აჩერებ ენას და ლაპარაკობ, მაგის ბრალიაო. საშინლად შეშინებული იყო დედა, მამა უფრო ნაკლებად. არც მამა და არც ბებია დისიდენტები ნამდვილად არ ყოფილან, მაგრამ კომუნისტების სიყალბის მიმართ მათი ზიზღი კარგად მახსოვს.
მერე დათბობის პერიოდი იყო, პერესტროიკის, მერე 1989 წელიც დადგა და ეს საფრთხეები გაქრა.
„წარსულს არაფერი ჩაბარებია“
როგორც კი შესაბამისი კონტექსტი და გარემო შეიქმნება, შეიძლება ყველაფერი დაბრუნდეს. ტირანიები დაბრუნებულა. ჩვენთანაც პირდაპირი ღია ნიშნებია ცენზურისაც, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვისაც და ბევრი რამის. ამ რისკის წინაშე სულ დგახარ. წარსულს არაფერი ჩაბარებია, სულ არის, აქვე, სადღაც მიძინებული. ამასთან გამკლავებისთვის და თვალის გასასწორებლად, აუცილებელია, რომ გახსოვდეს. ისტორიის დავიწყება არის ყველაზე დიდი სიბრიყვე, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს. გარდა იმისა, რომ შენი საკუთარი ცხოვრებაა, შენი ოჯახის ცხოვრებაა, ჩვენი ერთი ერთი მუჭა ქვეყნის ცხოვრებაა. წარსულსაც კი ვერ ვარქმევ ამას, აწმყოა.
თოფით თუ არ დარბიან და თბილისის გასასვლელში არ ხვრეტენ ჩვენს დედებს, მამებს, შვილებს თუ ჩვენი თაობის ადამიანებს, ეს არ ნიშნავს, რომ ტირანია, რეჟიმი, დიქტატურა და ამ ყველაფრის მეტ-ნაკლებად წარმატებული მცდელობები ისევ აქ არ არის.