ახალი ამბები

„თუ კობახიძე რუსეთის შემოსვლის დამზადებას ცდილობს, ამას არ დავუშვებთ“ — ზურაბიშვილი

20 მაისი, 2023 • 1862
„თუ კობახიძე რუსეთის შემოსვლის დამზადებას ცდილობს, ამას არ დავუშვებთ“ — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს მმართველი პარტიის ლიდერ ირაკლი კობახიძის მიერ ქართველი ხალხის ქსენოფობიაში დადანაშაულებას.

„ვერ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს [ქსენოფობიაში დაადანაშაულოს] საქართველოს ხალხი, რომელმაც არაჩვეულებრივი ტოლერანტობის ახალი მაგალითი მისცა მსოფლიოს, როდესაც წელიწად-ნახევარია იღებს ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრანტებს — 70 000 თუ 80 000-ს — ისე, რომ არცერთი ინციდენტი არ მომხდარა. არ მივცემ მას უფლებას, რომ ამ ხალხზე, რომელმაც საუკუნეები გაიარა ისე, რომ არავინ დაგვწამა ქსენოფობია, მან დაიწყოს ამაზე საუბარი“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის რუსეთის ნარატივი, რომელიც სხვა ქვეყნებში საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით იჭრება.

„მით უმეტეს, როცა ძალიან კარგად ვიცით,რომ ეს არის ჩვეულებრივი თემა რუსეთის, რომ ვითომ თავისი მოქალაქეების დასაცავად შედის სხვადასხვა ქვეყნებში. თუ ბატონი კობახიძე ამის დამზადებას ცდილობს, მე მგონი, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ამას — არც საზოგადოება და არც მე და სადაც საზოგადოებაა, იქ მე ვიქნები“, — დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია და მხოლოდ სასტუმროს ინფორმაციას ეყრდნობა, რომ ლავროვის შვილი საქართველოში არ არის. მან იკითხა, „რა კავშირები აქვს ასეთი ელენე ხოშტარიას, რომ ის პირველი იგებს რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით?“

„ჩვენ წინასწარ ვაკეთებდით პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, რომ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად აუცილებლად დაიწყებოდა ქსენოფობიური კამპანიის ახალი ტალღა და რაც გვქონდა პროგნოზი ზუსტად ის ახდა. ქსენოფობია არ ზის ქართული საზოგადოების ბუნებაში. ეს არის ლიბერალურ ფაშისტური კამპანიის ერთ-ერთი განშტოება და მე ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი ტიპის კამპანიებისგან. ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი