ახალი ამბები

ყვარელში აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

20 მაისი, 2023 • 2716
ყვარელში აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

ხმაური და დაპირისპირებაა ყვარელში, სადაც მოქალაქეები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სიძის ძმის ქორწილის საქართველოში გადახდას აპროტესტებენ.

„ყვარლის ტბის“ სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე ამ დროისთვის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები არიან შეკრებილები და რუსი სტუმრების ჩამოსვლას აპროტესტებენ. მათ კვერცხები ესროლეს მიკროავტობუსს, რომელიც სასტუმროში შედიოდა. ადგილზე მობილიზებულია დიდი ოდენობით პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელიც აქციის მონაწილეებს სასტუმროს ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევს.

სქრინშოტი „ფორმულას“ ეთერიდან

მომიტინგეებსა და პოლიციას შორის ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. აქციის ათამდე მონაწილე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ ავრცელებს ინფორმაციას, რამდენი ადამიანი და რა მუხლით არის დაკავებული.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პროტესტისას დაკავებულია პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ჩიქოვანი, საგარეჯოს საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით დიღმელაშვილი, გურჯანის საკრებულოს წევრი რამაზ ქერეჭაშვილი, ყვარელის საკრებულოს წევრი  ნიკა ღონიაშვილი, ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ტიტე გედენიძე, ასევე, ენმ-ის წევრები: გიორგი და ალიკა მირაქოვევები, ბექა პაპაშვილი, ლაშა ხუსკივაძე და ნიკა ნარსია. ასევე დაკავებულები არიან ენმ-ის სხვა წევრები და სამოქალაქო აქტივისტები.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, სამართალდამცველებმა ტელეფონები ჩამოართვეს აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს, რომლებიც სპეცრაზმელის სახის გადაღებას ცდილობდნენ. მოგვიანებით ტელეფონები დაუბრუნეს ჟურნალისტებს.

რა ხდება?

ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, კახეთში, ყვარლის ტბაზე, სერგეი ლავროვის სიძის ძმა ქორწილს იხდის. ის, რომ საქართველოში იმყოფება, დასტურდება მიკა ვინოს, (იგივე მოშე ვინოკუროვის) და მისი მეუღლის ინსტაგრამ გვერდებიდან. მათ საქორწილო ცერემონიის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნეს, სადაც იუსტიციის სახლის მიერ გაცემული ქორწინების მოწმობებიც ჩანს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ყვარელში იმყოფებიან სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა (ლავროვა) და მისი ქმარი ალექსანდრ ვინოკუროვი. ორივე მათგანი სანქცირებულია.

ორივე სასტუმრო — „ახაშენი ღვინის კურორტი და სპას“ და „ყვარლის ტბა“ — იდენტური განცხადებებით უარყოფენ ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობენ, რომ „ლავროვის გვარით სტუმარი არ უფიქსირდებათ“.

თუმცა ეკატერინა ლავროვი ქმრის გვარს — ვინოკუროვას ატარებს. ამასთან, „მთავარმა არხმა“ ჩაატარა ექსპერიმენტი: ჟურნალისტმა სასტუმროში დარეკა, როგორც ყვავილების მაღაზიის კურიერმა და იკითხა, იყო თუ არა „ყვარლის ტბაში” ადამიანი, სახელით და გვარით ეკატერინა ლავროვა, ვინაიდან მისთვის ყვავილების თაიგული იყო შეკვეთილი.

„მთავარი არხის” ჩანაწერის თანახმად, სასტუმროში უთხრეს, რომ სახელსა და გვარს ჩაინიშნავდნენ და დაუკავშირდებოდნენ. შემდგომ ჩანაწერში, რომელიც ეთერში გავიდა, ტელეარხის ცნობით, სასტუმროს წარმომადგენელი კურიერად წარდგენილ ჟურნალისტს ეუბნება:

„…გავარკვიეთ, რომ სწორად მოგაქვთ თაიგული”.

„ნამდვილად თქვენთანაა ხომ სტუმარი?” — კითხულობს ჟურნალისტი, რასაც ხსენებული პირი პასუხობს:

„კი, კი”.

სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტმა“ კი მოგვიანებით მორიგი განმარტება გაავრცელა და თქვა, რომ მისი „პრეროგატივა არ არის მოახდინოთ სტუმრების იდენტიფიცირება“.

„სასტუმროს ამის არც რესურსი და არც ვალდებულება არ გააჩნია. შესაბამისად, სასტუმროს ადმინისტრაცია არ და ვერ იქნება ინფორმირებული, ჩვენი სტუმრების ვიზიტის მიზანთან ან მათ გადაადგილებასთან დაკავშირებით“, — ნათქვამია სასტუმროს განცხადებაში.

ჟურნალისტებმა ლავროვის შვილის და სიძის საქართველოში შესაძლო ყოფნაზე კითხვები დაუსვეს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, რომელიც 19 მაისს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით იყო მისული. გომელაურმა კითხვას არ უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი