ახალი ამბები

ღარიბაშვილის თქმით, პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობას გასცემს

19 მაისი, 2023 • 866
ღარიბაშვილის თქმით, პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობას გასცემს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობას გასცემს.

ამმის შესახებ მან დღეს, 19 მაისს ჟურნალისტებთან განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, პრეზიდენტის მხირდან მთავრობის ნებართვაზე საუბარი ყურადღების გადატანის მცდელობაა.

„ძალიან უხერხულია ამ თემებზე საუბარი, ეს არის ტექნიკური საკითხები, რომლებსაც წყვეტენ ადმინისტრაციები ერთმანეთთან და ამის საჯაროდ გამოტანა მე ვფიქრობ, არასერიოზულია, უადგილოა და საერთოდაც, არ იმსახურებს ამხელა ყურადღებას. რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი ეს განაცხადი, რომელიც შემოიტანა და თქვა, რომ ევროპარლამენტში ჰქონდა დაგეგმილი, მანამდე ელოდებოდნენ, არ წავიდა, ჩვენ დაგვაბრალა, მაგრამ ჩვენ ამის თაობაზე გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ გაცემული გვქონდა უკვე თანხმობა. ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა. არაფერი არ ხდება, ჩვენ ვმუშაობთ და მთავარია ის ძირითადი საქმეები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობას სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობა ამ დრომდე არ გაუცია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენაზე ნებართვა დაუყოვნებლივ გაიცა.

სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტში 31 მაისს არის დაგეგმილი. საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლა თავდაპირველად 18 აპრილს იგეგმებოდა, თუმცა მიმართვა გადაიდო. პრეზიდენტმა ამის მიზეზად მთავრობის მხრიდან თანხმობის მიღების პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება დაასახელა, მთავრობის ადმინისტრაციამ კი ბრალდება უარყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი