ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2 წევრის ასარჩევად კენჭისყრა 2 კვირაში გაიმართება

18 მაისი, 2023 • 1005
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2 წევრის ასარჩევად კენჭისყრა 2 კვირაში გაიმართება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი არამოსამართლე წევრის ასარჩევად კენჭისყრა ორ კვირაში გაიმართება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. პარლამენტს იუსტიციის საბჭოს არამოსამრთლე წევრების არჩევა დღეს უნდა გაეგრძელებინა, თუმცა კენჭისყრამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ ოპოზიციის იმ წევრებზე, რომელთაც ხმა ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერილ კანდიდატებს მისცეს, „ბულინგი, შანტაჟი, თავისუფალი მანდატის პრინციპის დარღვევა“ მიმდინარეობს.

ამიტომ, კობახიძემ ოპოზიციას შესთავაზა, რომ დარჩენილი კანდიდატების ირგვლივ კონსტულტაციები გაეგრძელებინათ, დღეს ფორმალური კენჭისყრა გაემართათ და შემდეგი კენჭისყრა 2 კვირაში ჩატარებულიყო. შესაბამისად, იმ 4 კანდიდატის კენჭისყრა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, ჩავარდა.

„როცა საუბარია 3/2-ზე, 4/1-ზე და ა.შ. ერთი პრინციპია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ადრე შეიძლება ცოტა კომპრომისებით ვეკიდებოდით, მაგალითად, როდესაც ნინო ლომჯარია ავირჩიეთ სახალხო დამცველად და ა.შ. აღარ გავყვები. ჩვენი პრინციპი მარტივია – არცერთი ნაცი, არცერთ ორგანოში. ეს არის ჩვენი მარტივი პრინციპი და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია რა საჭიროა კენჭისყრის გადადება, რადგან კონსენსუსი მაინც ვერ შედგება.

„დღეს რატომ დებთ ამ კენჭისყრას, კონსულტაციები უნდა გაიაროთ უმრავლესობის შიგნით? ვინ არიან კიდევ კანდიდატები, ვისაც მხარს უჭერთ? ჩაატარეთ მაშინ კენჭისყრა და ვინც გადაწყვიტა ოპოზიციიდან „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა, დაუჭიროს მხარი თქვენს წარდგენილ კანდიდატებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების 5 ვაკანტურ ადგილზე 3 წევრი დაამტკიცა.

ტრისტან ბენაშვილს და ზურაბ გურასპაშვილს მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი გზობავას კი — 91-მა დეპუტატმა რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმაც მიიღეს.

კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს ხმა 5 ოპოზიციონერ დეპუტატმაც მისცა. ეს დეპუტატები არიან ნიკა მაჭუტაძე, როსტომ და ნატო ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა და დილარ ხაბულიანი. ყველა მათგანი პარლამენტში ენმ-ს ირგვლივ შექმნილი კოალიციის (ძალა ერთობაშია) სიით შევიდა. ოთხი მათგანი ენმ-ს ფრაქციის წევრიც იყო. თუმა მათ გუშინ  აღნიშნილი ფრაქცია დატოვეს.

დღეს, 18 მაისს კი პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დარჩენილ 2 ვაკანტურ ადგილზე უნდა გაეგრძელებინა კენჭისყრა და არჩევანი მეორე ტურში გადასულ 4 კანდიდატს (რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე) შორის უნდა გაეკეთინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი