ახალი ამბები

ვინც დაარღვია ოპოზიციური ერთობა, არ აქვს უფლება, ოპოზიციონერი დეპუტატი ერქვას — მელია

17 მაისი, 2023 • 691
ვინც დაარღვია ოპოზიციური ერთობა, არ აქვს უფლება, ოპოზიციონერი დეპუტატი ერქვას — მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია უპასუხისმგებლოს, უპრინციპოსა და არათანმიმდევრულს უწოდებს 5 ოპოზიციონერი დეპუტატის გადაწყვეტილებას, მხარი დაეჭირათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის.

მელიას შეფასებით, აღნიშნულმა „კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს პრინციპებისა და პოზიციების სიცხადის ნაკლებობამ“.

„როდესაც რეჟიმი რუსულია, პარლამენტი რუსულ კანონს იღებს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი კი ვიცე-სპიკერის სკამისკენ მიილტვის, ბუნებრივია იშლება მოქმედების ყველა ზღვარი და ყველა „ლაგდება“ სადაც და როგორც უნდა“, — წერს მელია სოციალურ ქსელში.

ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე „ნაციონალურმა მოძრაობას“ ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა აქვს წარადგენილი.

„არცერთ იმ ადამიანს, რომელმაც დღეს დაარღვია ოპოზიციური ერთობა, აღარ აქვს მორალური უფლება ერქვას ოპოზიციონერი დეპუტატი და პარლამენტში წარმოადგენდეს ქართველი ხალხის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს“, — მიიჩნევს მელია.

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების 5 ვაკანტურ ადგილზე 3 წევრი დაამტკიცა.

ტრისტან ბენაშვილს და ზურაბ გურასპაშვილს მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი გზობავას კი — 91-მა დეპუტატმა რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმაც მიიღეს, თუმცა მათი ვინაობა უცნობია.

იუსტიციის საბჭოს 3 წევრი ოპოზიციის ფარული ხმებითაც აირჩიეს

მასალების გადაბეჭდვის წესი