ახალი ამბები

ხორცის ფარი საპატრიარქოსთან — პროტესტი 17 მაისთან დაკავშირებით [ვიდეო]

17 მაისი, 2023 • 2176
ხორცის ფარი საპატრიარქოსთან — პროტესტი 17 მაისთან დაკავშირებით [ვიდეო]

არტისტმა ანდრო დადიანმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან პროტესტი განსხვავებულად გამოხატა — მან გვიან ღამით შენობის შესასვლელთან ხორცის კალათბურთის ფარი დადგა.

არტისტი თავის პროტესტს ასე განმარტავს:

„10 წელი გავიდა 2013 წლის 17 მაისიდან, ტრაგიკულ მოვლენებს სახელებს ვერ ვარქმევთ ხოლმე და ასეთი უსახელო დღეა ჩვენს უახლეს ისტორიაში 17 მაისი, როგორც 9 აპრილი, 7 ნოემბერი, 20 ივნისი, 13 ივნისი და ა.შ. ეს დღე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისგან ქვეყნის სულიერი, ეროვნული, კულტურული, ქრისტიანული, სოციალური, სახელმწიფოებრივი დამარცხების დღეა. იმ დღით სასოწარკვეთამ მაქცია მეც ნიღბიან, ფსევდონიმიან ადამიანად.

ადამიანების მენტალურად, ეკონომიკურად, სოციალურად გატყავება და გამოშიგვნაა ამ ინსტიტუციის საქმე, ამიტომ საპატრიარქოს ჭიშკართან, მეგობართან ერთად დავდგი ხორცის კალათბურთის ფარი როგორც მათი მეტაფორული პორტრეტი.

ჰომოფობია ქართველი ადამიანის კულტურული საჭიროება კი არა, ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაციის გამოკვეთის საშუალებაა. აქ თანასწორობა დასავლური, ხოლო ანტი-ლგბტ მოძრაობები რუსული, იმპერიალისტური პოლიტიკის ნიშანია, ამ დაპირისპირებაში ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ადამიანის მხარდაჭერის ნაცვლად პოლიტიკური პოზიცია დაიკავა და საკუთარი ერის მოწინააღმდეგე სტრუქტურულ მოძალადედ ჩამოყალიბდა.

ჩვენ უნდა გამოვათრიოთ დუმილით ძალმოსილი ეს დღის წესრიგი საჯარო სივრცეში, ხშირი დისკუსიით თავიდან უნდა მივანიჭოთ მნიშვნელობები საზოგადოებრივი საჭიროების მიხედვით მას, მაშინ როცა სასულიერო პირები ზემოთ და ზემოთ ხტებიან, ახალ სიმაღლეებს იპყრობენ ადამიანისა და სიცოცხლის მნიშვნელობის მოსპობაში.

ანდრო დადიანი ნამუშევრის შესრულებაში გაწეული თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი