ახალი ამბები

გვარამია: მოვითხოვ უზენაესმა გამამტყუნოს, რათა გზა სტრასბურგში გავაგრძელო

16 მაისი, 2023 • 736
გვარამია: მოვითხოვ უზენაესმა გამამტყუნოს, რათა გზა სტრასბურგში გავაგრძელო

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელსაც დღეს პატიმრობის ერთი წელი შეუსრულდა, განცხადებას აქვეყნებს. გვარამია მადლობას უხდის მხარდამჭერებს და აცხადებს, რომ ახლა უზენაესი სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება, რათა ბრძოლა სტრასბურგში გააგრძელოს:

„რა თქმა უნდა, რთულია იმასთან შეგუება, რომ ქექე და სანდრო გარდატეხის ასაკს ისე გადიან, ისე ეცვლებათ გარეგნობაც, სიმაღლეც, სამყაროს აღქმაც და პრიორიტეტებიც, რომ მათ გვერდით არ ვარ. რა თქმა უნდა, სოფო ძალიან მენატრება და ვდარდობ, რომ ასეთი დიდი ტვირთი დააწვა, თან ვამაყობ, რომ ასე უმკლავდება.

რა თქმა უნდა, ჩემი ფიქრი სულ “მთავართანაა”, ვხედავ, როგორ უჭირთ, იმასაც ვხედავ, რასაც მიმალავენ ხოლმე და არ იმჩნევენ, მაგრამ ვხედავ იმასაც, როგორ იქცნენ მაგარი ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები და სხვები, უმაგრეს მოქალაქეებად, ვინც თავისი სტოიკურობით ყოველდღიურად ამარცხებს სისტემას და იძლევა სამოქალაქო გმირობის მაგალითს. ამის გამო, კიდევ უფრო მეტად მიყვარხართ, ვამაყობ და პატივს გცემთ“ — ამბობს გვარამია.

მისი თქმით, იმედი არ აქვს, რომ უზენაესი სასამართლო მის საქმეზე გამამართლებელ განაჩენს გამოუტანს:

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ ჩემი სიმართლე კვლავ სიმართლედ რჩება; ჩემი მიზანმიმართულება კიდევ უფრო ხისტი ხდება; ჩემი მოტივაცია კიდევ უფრო ძლიერდება. ერთადერთი, რასაც ვითხოვ თუ მოვითხოვ, უზენაესმა სასამართლომ მომცეს გამამტყუნებელი განაჩენი (სხვაგვარს არც ველი), რომ სამართლიანობისთვის ბრძოლის ჩემი გზა გავაგრძელო სტრასბურგში. ისეთი პირი უჩანს, სამართალზე კი არა, მთლად მართლმსაჯულებაზე უარს მეტყვიან საბოლოოდ. თუმცა, მოთმინებით დაველოდები ვადის ამოწურვას 22 ივნისს და მერე გადავწყვეტ, როგორ ვიმოქმედებ,“ — ამბობს გვარამია.

ნიკა გვარამია მისი გათავისუფლებისთვის შექმნილ მოძრაობას, კრიტიკულ მედიას, პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მადლობას უხდის და საქართველოს ნამდვილ გულშემატკივრებს მოთმინებასა და გამძლეობას უსურვებს:

„დიდი მადლობა ყველას: ჩემს ნათესავებს, მეგობრებს, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას, კრიტიკულ მედიას, პოლიტიკოსებს და სამოქალაქო საზოგადოებას. ჩემს გულშემატკივრებს – ნაცნობებს თუ უცნობებს, ჩვენი სამშობლოს ნამდვილ გულშემატკივრებს, რა გინდა რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეთ ჩემი მოკრძალებული პერსონის მიმართ. წარმატებებს გისურვებთ, გამძლეობას და მოთმინებას!

ბოლოს, ერთი რჩევაც: მარტო სიმართლით გამარჯვებას ვერ მიაღწევ! სიმართლე, გამძლეობის და მორალური უპირატესობის გარეშე მხოლოდ ფაქტის კონსტატაციაა. არსად და არასდროს დაუმარცხებიათ ტირანია მორალური კომპრომისების გზაზე შედგომით. ებრძოლეთ სისტემას თქვენი მისგან განსხვავებულობით, მისნაირობაში ივანიშვილს ვერასდროს მოუგებთ. და თუ სამშობლოს გადასარჩენად კომფორტ ზონის დასატოვებლადაც კი არ ხართ მზად, სხვა საქმით დაკავდით. ასე აჯობებს. გუშინდელი კონტექსტის გათვალისწინებით, პერსონალური მოკითხვა და განსაკუთრებული სიყვარული ბატონ ლევან ბერძენიშვილს,“ — აცხადებს ნიკა გვარამია.


თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი