ახალი ამბები

ბრიტანეთის ელჩის განცხადება ნიკა გვარამიას პატიმრობაზე

16 მაისი, 2023 • 876
ბრიტანეთის ელჩის განცხადება ნიკა გვარამიას პატიმრობაზე

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი ეხმაურება ნიკა გვარამიასათვის პატიმრობის მისჯის წლისთავს.

„ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან 1 წელი გავიდა. მრავალფეროვანი მედიის წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო, დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ქვაკუთხედია.

გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას,  მათ შორის მედიის თავისუფლების და დამოუკიდებელი სასამართლოსი,“ — წერს ელჩი ტვიტერზე. 

ნიკა გვარამიას პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი