ახალი ამბები

გვარამიას პატიმრობა: 27 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია დაანონსდა

16 მაისი, 2023 • 695
გვარამიას პატიმრობა: 27 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია დაანონსდა

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ“ 27 მაისს, 18:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ერთი წელია, პატიმრობაში იმყოფება. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ დღეს ვაანონსებთ მომავალ დიდ აქციას — კონსოლიდირებულ პროტესტს პოლიტპატიმრების არსებობის წინააღმდეგ. ჩვენ ნამდვილად არ დავუშვებთ იმას, რომ პრეზიდენტი წავიდეს ევროპაში ბიძინა ივანიშვილის გზავნილებით. თუ ის ევროპარლამენტში აპირებს გამოსვლას, უნდა გამოვიდეს ქართველი ხალხის გზავნილებით და პოლიტპატიმრების გარეშე. ჩემთვის ძნელი სათქმელია, ვინ უფრო დამნაშავეა, ეს სასამართლო თუ პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია ეს უკანონობა დაამთავროს და ამ გადაწყვეტილებას არ იღებს“, — განაცხადა „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ.

ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა.პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

ქმის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი