ახალი ამბები

სარჩელი სასამართლოში: შსს 7-9 მარტის აქციების დაშლაზე ინფორმაციას ისევ მალავს

16 მაისი, 2023 • 680
სარჩელი სასამართლოში: შსს 7-9 მარტის აქციების დაშლაზე ინფორმაციას ისევ მალავს

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ [DRI] ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს. მიზეზი არის უწყების უარი [ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოების საბაბით], მიაწოდოს ორგანიზაციას ინფორმაცია 7-9 მარტის აქციების დაშლასთან დაკავშირებით.

ორგანიზაცია შსს-სგან შემდეგ ცნობებს ითხოვდა:

  • აქციაზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად შს სამინისტროს თანამდებობის პირების მიერ გაცემული ბრძანებების ასლები;
  • ინფორმაცია გამოყენებული სპეციალური საშუალებებისა და აქციაზე შეკრებილი ადამიანებისთვის დასაშლელად მიცემული დროის შესახებ;
  • მონაცემები, შს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი რამდენი სამართალდამცავი იყო ჩართული აქციის დაშლის ღონისძიებებში;
  • ვინ ხელმძღვანელობდა 2023 წლის 7 და 8 მარტს თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დასაშლელად შს სამინისტროს მიერ წარმოებულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებებს.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ინფორმაციის გაცემაზე უარი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, ვინაიდან შსს-ს, მიუხედავად ინფორმაციისდამი „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა“, არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რატომ არის გასაიდუმლოებული მოთხოვნილი ცნობები. როგორც DRI-ში ამბობენ, „გამოთხოვილი ინფორმაცია არ ექცევა იმ ინფორმაციათა კატეგორიაში, რომელიც შეიძლება საიდუმლო ხასიათის იყოს“.

მსგავსი ინფორმაციის მიღება შს სამინისტროსგან ასევე უშედეგოდ სცადა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმაც“ [IDFI]. როგორც ორგანიზაციის მთავარი იურისტი, გიორგი დავითური ნეტგაზეთს ეუბნება, უწყებამ მათ შემთხვევაშიც მიზეზად ინფორმაციის საიდუმლოება დაასახელა.

დავითურის თქმით, შსს-ს არ წარმოუდგენია ინფორმაციის გასაიდუმლოების სამართლებრივი არგუმენტი, რის გამოც ორგანიზაცია მალე სასამართლოშიც იდავებს.

მან აგრეთვე უთხრა „ნეტგაზეთს“, რომ IDFI აპირებს, გაასაჩივროს ნორმატიული აქტიც, რომლითაც გარკვეული ინფორმაცია, როგორიცაა, მაგალითად, დაშლის ხელმძღვანელი პირების და ლოგისტიკაზე პასუხიმსგებელთა ვინაობა, ავტომატურად არის სახელმწიფო საიდუმლო.

იგივე ინფორმაციის გამოთხოვა შსს-სგან „ნეტგაზეთმაც“ სცადა და პასუხად მიიღო, რომ მოთხოვნილი ცნობები სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციაა. აღნიშნული უარი ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით არის გასაჩივრებული.


7-9 მარტის პროტესტი თბილისში

„ქართული ოცნება“ საქართველოში „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული კანონის მიღებას გეგმავდა.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

აშშ და ევროკავშირი თავიდანვე აცხადებდნენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო დაკარგავდა შანსს, მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც მრავალათასიანი, მძლავრი პროტესტი მოჰყვა.

ხელისუფლება 2 დღე არბევდა აქციას, რასაც დემონსტრანტთა ნაწილის წინააღმდეგობა სდევდა თან. ამ პერიოდში რუსთაველის გამზირზე დაზიანდა ავტომობილები, პარლამენტის შენობა, დაშავდა 50-მდე პოლიციელი და აქციის არაერთი მონაწილე, დაკავებულთა რაოდენობამ კი 130-ს გადააჭარბა.

საბოლოოდ, მძლავრი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ უკან დაიხია და „აგენტებზე“ ორივე კანონპროექტი 10 მარტს უკან გაიწვია.

თუმცა ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ანტიდასავლურ რიტორიკას, ასევე, ცდილობს საპროტესტო აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციას სხვადასხვა იარლიყის მიკვრით, თითქოს საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ „ნაცები“, „ეკლესიის მტრები“, „სატანისტები“ და ა.შ.

1 კვირაა, ხელისუფლება მალავს ინფორმაციას აქციების დარბევისას დაშავებულებზე

შსს ასაიდუმლოებს, რა რაოდენობის სპეც. საშუალებები გამოიყენა 7-9 მარტს

მასალების გადაბეჭდვის წესი