ახალი ამბები

სააკაშვილთან დეპუტატების არშეშვების გამო პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლეს

15 მაისი, 2023 •
სააკაშვილთან დეპუტატების არშეშვების გამო პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლეს

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართა.

საქმე ეხება პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას განუსაზღვრელი ვადით შეუწყვიტოს დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება.

როგორც თამარ კორძაია აცხადებს, პაპუაშვილის წინააღმდეგ მისი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისა და პატიმრის მონახულების ფორმებს, ისევე როგორც დაწესებულებაში შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესს პატიმრობის კოდექსი აწესებს. ამასთან, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულია რამდენიმე თანამდებობის პირი (პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, სახალხო დამცველი და ა.შ.), რომელთაც აქვთ სპეციალური ნებართვის გარეშე პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება.

თავის მხრივ, პატიმრობის კოდექსის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საკუთარი გადაწყვეტილებით, შეუძლია პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება ერთჯერადად მიანიჭოს პარლამენტის რომელიმე წევრს.

თუმცა, 2022 წლის დეკემბრიდან პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეჩერებულია პარლამენტის წევრებისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება.

მასალების გადაბეჭდვის წესი