ახალი ამბები

პენიტენციურის ნებართვის გარეშე დეპუტატები სააკაშვილს ვეღარ მოინახულებენ

30 დეკემბერი, 2022 • 1645
პენიტენციურის ნებართვის გარეშე დეპუტატები სააკაშვილს ვეღარ მოინახულებენ

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ჩერდება პარლამენტის წევრებისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება.

ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ავრცელებს.

„2022 წლის 27 დეკემბერის წერილით, იუსტიციის მინისტრმა აცნობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან უსაფრთხოების ღონისძიებების გამკაცრების შესახებ, მათ შორის შეხვედრებთან დაკავშირებით, და მიმართა თხოვნით, აღნიშნული გარემოება გათვალისწინებული ყოფილიყო საქართველოს პარლამენტის წევრებზე ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას“, – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის განცხადებაში.

პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისა და პატიმრის მონახულების ფორმებს, ისევე როგორც დაწესებულებაში შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესს პატიმრობის კოდექსი აწესებს. ამასთან, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულია რამდენიმე თანამდებობის პირი (პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, სახალხო დამცველი და ა.შ.), რომელთაც აქვთ სპეციალური ნებართვის გარეშე პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება.

თავის მხრივ, პატიმრობის კოდექსის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საკუთარი გადაწყვეტილებით, შეუძლია პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება ერთჯერადად მიანიჭოს პარლამენტის რომელიმე წევრს.

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ცნობით, 2021 წლის 3 ოქტომბრიდან, მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან პარლამენტის წევრებზე გაიცა 228 ნებართვა. მათი თქმით, ეს აჩვენებს, რომ „პარლამენტის წევრების მხრიდან ამ უფლების მინიჭებაზე მიმართვა დიდი ხანია გასცდა მიმართვაში აღნიშნულ მიზანს – პატიმრის მიერ სასჯელის მოხდის პირობების გაცნობას – და გამოიყენება უშუალოდ პატიმართან პირადი თუ საქმიანი ხასიათის შეხვედრისთვის, რაზეც არაერთხელ საჯაროდ მიუთითა პარლამენტის თავმჯდომარემ“.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის სათანადო პირობებზე მონიტორინგს, უპირველეს ყოვლისა, აწარმოებენ მისი ადვოკატები, რომლებმაც დღემდე 533 ვიზიტი განახორციელეს მიხეილ სააკაშვილთან. გარდა ამისა, აქტიურ მონიტორინგს აწარმოებენ სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები, რომლებსაც პატიმრობის კოდექსის თანახმად ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში, შეუძლიათ დაბრკოლების გარეშე მოინახულონ ნებისმიერი პატიმარი.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ ამ უფლებით მათ უკვე 57-ჯერ ისარგებლეს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასჯელის მოხდის პირობებზე ეფექტიანი მონიტორინგი სრულად უზრუნველყოფილია. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ჩერდება პარლამენტის წევრებისთვის მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი.

მათივე ცნობით, დღევანდელი მდგომარეობით გაცემული ნებართვები, რომლებიც ეხება 2023 წლის 2 იანვრის კვირას, ძალაში რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.