ახალი ამბები

რა სჭირს ლუკაშენკოს?

15 მაისი, 2023 • 1725
რა სჭირს ლუკაშენკოს?

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო თითქმის ერთი კვირაა, საჯაროდ არ გამოჩენილა. იგი არ დაესწრო ბელარუსის სახელმწიფო დროშის დღეს, რომელზეც ტრადიციულად სიტყვით გამოდიოდა ხოლმე.

ბოლოს ლუკაშენკო 9 მაისს, მოსკოვში ნახეს. მაშინ ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს მდგომარეობას – კერძოდ, ლუკაშენკო დაღლილი ჩანდა და 300 მეტრის გავლაც ვერ მოახერხა.

ჟურნალისტებმა მის ხელზე ბინტიც შეამჩნიეს. ასეთ ბინტს, როგორც წესი, წვეთოვანის შემდეგ იკეთებენ.

გარდა ამისა, ლუკაშენკო არ დარჩა აღლუმზე ჩასული ლიდერების ვახშამზე და პირდაპირ მინსკში გაემგზავრა.

ბელარუსი ოპოზიციონერების, თუ ოპოზიციური მედიის თანახმად, ლუკაშენკოს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამჟამად მინსკში, ელიტარულ კლინიკაში მკურნალობს.

თავად ლუკაშენკოს ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.

რუსეთში კი ადასტურებენ, რომ ლუკაშენკო ჯანმრთელად არაა:

„არაფერი ზებუნებრივი არაა, არც კოვიდი. გაცივდა უბრალოდ. მიუხედავად ამისა, თავის ვალად ჩათვალა მოსკოვში ჩამოსვლა, იმავე დღის საღამოს კი ღონისძიებები ჩაატარა მინსკში. ალბათ, გარკვეული დასვენება სჭირდება, სულ ესაა“, – ამბობს დუმის დეპუტატი კონსტანტინე ზატულინი.

მასალების გადაბეჭდვის წესი