ახალი ამბებიხელოვნება

მიხეილ ჩარკვიანი „ვენის საფესტივალო კვირეულზე“ დადგამს დოკუმენტურ წარმოდგენას „Exodus”

16 მაისი, 2023 • 1284
მიხეილ ჩარკვიანი „ვენის საფესტივალო კვირეულზე“ დადგამს დოკუმენტურ წარმოდგენას „Exodus”

რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი ვენაში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სახელოვნებო ფესტივალზე „Wiener Festwochen”, განახორციელებს  დოკუმენტური წარმოდგენის „Exodus” სამ ახალ ნაწილს. წარმოდგენა გაიმართება 9, 10 და 11 ივნისს თეატრში „ბრუტ-ნორდვესტი”.

„Exodus * გამოსვლა” შეიქმნა 2022 წელს, თბილისში, საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში „ღია სივრცე“. ფესტივალის 72-წლიანი არსებობის მანძილზე, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფესტივალის პროგრამაში მონაწილეობას იღებს სადადგმო ჯგუფი საქართველოდან.

“Exodus * გამოსვლა” არის დოკუმენტური წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობენ და საკუთარ ისტორიებს ჰყვებიან სხვადასხვა სფეროსა თუ ჯგუფის წარმომადგენლები – განსხვავებული ადამიანები, ერთმანეთისგან განსხვავებული რეალური ისტორიებით.

„თეატრის რეჟისორმა მიხეილ ჩარკვიანმა, რომელიც თანადამფუძნებელია თბილისში მდებარე 2016 წელს შექმნილი სახელოვნებო კომპანიისა „ღია სივრცე“, ჩაწერა 100-მდე ინტერვიუ საქართველოში. სიზუსტით გაერთიანებული ტექსტები გვაქცევს ომის მასშტაბური შედეგების მოწმეებად. ტექსტების ყურადღების ცენტრში ექცევა ადამიანი, რომელიც ეძებს სიტყვებს კომუნიკაციისათვის. Wiener Festwochen-ის მოწვევით, ჩარკვიანს გადმოაქვს თავისი დოკუმენტური წარმოდგენა ვენაში, მშვიდობას მიჩვეულ ევროპის შუაგულში.

რეჟისორი მუშაობის პროცესში წარმოდგენას  დაამატებს 15 ახალ ისტორიას. სამი საღამოდან ყოველ მათგანზე 5 განსხვავებული ადამიანი გამოვა სცენაზე და ისაუბრებს, როგორი გავლენა იქონია ომმა მათ ცხოვრებაზე, რატომ გამოიქცნენ ავსტრიაში; ასევე, ისაუბრებენ თავიანთი სამსახურების, მათ შორის, საოჯახო არდადეგების შესახებაც. დამაფიქრებელი საღამო ეძღვნება ომის მიერ გაღვივებულ ჭრილობებს, რომლებიც არსებობას განაგრძობს მშვიდობიან დროშიც და ხაზს უსვამს თავდაჯერებულობის სიმყიფეს, რომელსაც მოცემულობად ვიღებთ”, – წერია ფესტივალის ვებგვერდზე.

Wiener Festwochen (ვენის საფესტივალო კვირეული) 1951 წელს დაარსდა, რათა ომის შემდგომი ვენისთვის დაებრუნებინა კულტურული მეტროპოლისის სტატუსი. წლების მანძილზე ვენის საფესტივალო კვირეული იქცა ერთ-ერთ მთავარ სახელოვნებო მოვლენად მთელ მსოფლიოში. ფესტივალს ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი სტუმრობს.

25 მაისს ფესტივალის ფარგლებში მარინა დავიდოვა და მიხეილ ჩარკვიანი ისაუბრებენ  წარმოდგენაზე „Exodus“.

ასეთია წარმოდგენის შემოქმედებითი ჯგუფი:

  • რეჟისორი – მიხეილ ჩარკვიანი
  • დრამატურგი –  ლაურა ანდერსი
  • პროდუსერი – ანა გურგენიძე
  • მუსიკა – ერეკლე გეწაძე
  • ასისტენტი – ანა ჯიბლაძე
ფოტო გარკენაზე: თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფეისბუკ გვერდი

მასალების გადაბეჭდვის წესი