ახალი ამბები

კოალიცია „ფორმულას“ ჟურნალისტებისთვის პარლამენტის აკრედიტაციის შეჩერებას გმობს

13 მაისი, 2023 • 1089
კოალიცია „ფორმულას“ ჟურნალისტებისთვის პარლამენტის აკრედიტაციის შეჩერებას გმობს

მედიის ადვოკატირების კოალიცია ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის შეჩერებას გმობს.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით პარლამენტმა ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ გიორგი კიკაბიძესა და ოპერატორ თედო ქვაჩახიას მმართველი პარტიის წევრი ირაკლი ზარქუასთვის პუტინის გადაწყვეტილების შესახებ კითხვების დასმის გამო აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა.

ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ აკრედიტაციის შეჩერების მოთხოვნით თავად დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა.

კოალიციაში აღნიშნავენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პარლამენტი მედიის წარმომადგენლებს დისკრიმინაციულიად აკრედიტაციას უჩერებს. განცხადების ავტორების თქმით, საქართველოს პარლამენტი, ნაცვლად საჯაროობისა და ქვეყანაში პლურალიზმის უზრუნველყოფისა, ახორციელებს მედიის წინააღმდეგ სისტემურ სადამსჯელო ღონისძიებებს.

„ჟურნალისტების მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის და მიუღებელია მათი შეზღუდვა საჯარო ინტერესის საკითხებზე გაშუქებისას. მედიის როლი დემოკრატიაში არის სიმართლის გამოვლენა, მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქება და ხელისუფლებაში მყოფთა საქმიანობის მონიტორინგი“ — ვკითხულობთ მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს დაუყოვნებლივ აღადგინოს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაცია, გააუქმოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის შესახებ, სადაო მუხლები, უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებს ხელი არ შეეშალოთ პროფესიული მოვალეობების შესრულებაში.

კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ პატივი სცეს და დაიცვას მედიის თავისუფლება, რომელიც განცხადების ავტორების შეფასებით, ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია.

მასალების გადაბეჭდვის წესი