ახალი ამბები

ზელენსკი იტალიაში რომის პაპთან და ქვეყნის ლიდერებთან შესახვედრად ჩავიდა

13 მაისი, 2023 • 1195
ზელენსკი იტალიაში რომის პაპთან და ქვეყნის ლიდერებთან შესახვედრად ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომში ჩავიდა, სადაც რომის პაპსა და იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც AP წერს, ზელენსკის შეხვედრები დაგეგმილი აქვს იტალიის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტების შესახებ განრიგი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე წინასწარ არ გახმაურებულა. ვატიკანმა პაპთან ზელენსკის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, რაც ზელენსკის თვითმფრინავი რომში მდებარე სამხედრო აეროპორტში დაეშვა.

მზადება ზელენსკის ვიზიტისთვის რომში ფოტო: EPA

ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის გამო რომში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, მათ შორის რომის თავზე ჩაკეტილია საჰაერო სივრცე, მაღალსართულიანი შენობების სახურავებზე კი პოლიციის სნაიპერები არიან განლაგებული.

დღევანდელი შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებისთვის პირველი არ იქნება. იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ზელენსკის რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ კიევში ეწვია, პაპი ფრანცისკე კი უკრაინის პრეზიდენტს უკანასკნელად 2020 წელს შეხვდა.

AP-ს ცნობით, რომის შემდეგ, ზელენსკი სავარაუდოდ ბერლინში გამართავს შეხვედრებს, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი