ახალი ამბები

ლაშა ჩხარტიშვილმა სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო

16 მაისი, 2023 • 25828
ლაშა ჩხარტიშვილმა სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჩხარტიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის ორი, მეათე [გამოხატვის თავისუფლება] და მეთერთმეტე მუხლების [შეკრების თავისუფლება] დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებმა მოსამართლეებმა ერთხმად მიიღეს და საქართველოს ჩხარტიშვილისთვის 1200 ევროს გადახდა დააკისრეს.

როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის უფლება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე, თუმცა არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლოს უფლება. აგრეთვე, ხანდაზმულობის გამო, სასამართლომ არ განიხილა მეხუთე მუხლის [თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება] დარღვევა.

რატომ ედავებოდა ჩხარტიშვილი სახელმწიფოს [სასამართლოს განაჩენის მიხედვით]

2019 წლის 29 ნოემბერს იგი მონაწილეობას იღებდა საჯარო ბიბლიოთეკასთან გამართულ საპროტესტო აქციაში, რომელსაც რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრებოდა. ვიდეოჩანაწერების თანახმად, პოლიციელებმა უთხრეს მომიტინგეებს, არ გადაეკეტათ გზის სავალი ნაწილი ან შენობის შესასვლელი.

გარკვეულ მომენტში ჩანს, რომ ჩხარტიშვილი პოლიციელების მიმართულებით ლობიოს მარცვლებს ისვრის. იგი უმალ დააპატიმრეს და გადაიყვანეს განყოფილებაში. მას ედავებოდნენ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, პოლიციელის შეურაცხყოფას და სამართალდამცავის მოთხოვნის არდამორჩილებას.

იმავე დღეს ჩხარტიშვილი სასამართლოს წინაშე წარსდგა. რამდენჯერმე მოსამართლის ხმამაღლა კრიტიკასა და პროცესის შეჩერების შემდეგ, იგი 300 ლარით დააჯარიმეს სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით, ხოლო მორიგი გაფრთხილების შემდეგ, გააძევეს დარბაზიდან და საქმე მის გარეშე განიხილეს.

ჩხარტიშვილის ადვოკატმა ითხოვა პროცესის გადატანა, ვინაიდან ვერ მოასწრო ჩხარტიშვილთან შეხვედრა და საქმის მასალებთან გაცნობა. მოსამართლემ თხოვნა დააკმაყოფილა და პროცესი სამი საათითა და ათი წუთით გადადო.

პროცესის განახლების შემდეგ მოსამართლემ უარი თქვა ჩხარტიშვილის, როგორც მოწმის დაკითხვაზე. ასევე უარი ითქვა ჩხარტიშვილის გათავისუფლებაზე.

პროცესზე სამართალდამცავმა, რომელმაც პროტოკოლი შეადგინა, განაცხადა, რომ სულ მცირე ორჯერ [2008 და 2014 წლებში] ჩხარტიშვილი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს და ითხოვა, რომ სასამართლოს გამოეყენებინა უფრო სერიოზული სანქცია, მომავალი დარღვევების პრევენციისთვის.

იმავე დღეს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ჩხარტიშვილი დამნაშავე იყო სამართალდამცავების შეურაცხყოფაში, ხოლო პოლიციელებისთვის „მონის“ დაძახება ვერ იქნებოდა პროტესტის ფორმა. მას რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.

ჩხარტიშვილის საჩივარი ამ საქმეზე ზედა ინსტანციამ არ მიიღო.

რა გადაწყვიტა სტრასბურგის სასამართლომ

სამართლიანი სასამართლოს უფლება: ამ ნაწილში სტრასბურგმა დარღვევები ვერ დაადგინა. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, ხელისუფლებას არ შეუშლია ხელი ჩხარტიშვილისა და მისი ინტერესების დამცველის კონტაქტისთვის.

აგრეთვე, სტრასბურგმა მიიჩნია, რომ ჩხარტიშვილმა თავად თქვა უარი პროცესზე დასწრების უფლებაზე – განაცხადა, რომ „არ აინტერესებს“, როცა მიიღო მოსამართლის გაფრთხილება გაძევების შესახებ.

გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება: სასამართლოში ამბობენ, რომ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ ჩხარტიშვილმა პოლიციელებს მათი მოვალეობის შესულების დროს ლობიოს მარცვლები ესროლა, მაგრამ იქვე აღნიშნავენ, რომ იგი არ იყო აგრესიული, მარცვლების სროლით არავინ დაშავდა და აგრეთვე, ამას არ მოჰყოლია არც ძალადობის ესკალაცია.

ამასთან ერთად, „ლობიოს სროლისას გაკეთებული განცხადებებით პოლიტიკოსი ჩხარტიშვილი შეიძლება აჟღერებდა აზრს, რომ პოლიციელები ხშირად უჭერდნენ მხარს მმართველ პარტიას“. მოსამართლეები აღნიშნავენ, რომ კონვენციის მეათე მუხლი იცავს არა მარტო გამოთქმული აზრის შინაარსს, არამედ მათი გამოთქმის ფორმასაც.

სტრასბურგმა მიიჩნია, რომ რვადღიანი პატიმრობა ჩხარტიშვილს მიუსაჯეს აზრის გამოთქმის ფორმისთვის და არა გზის გადაკეტვისთვის. აგრეთვე, სტრასბურგში საკმარისად არ მიიჩნიეს ქართული სასამართლოს არგუმენტაცია საკმარისად ჩხარტიშვილისთვის გამოტანილი განაჩენისთვის.

„შესაბამისი გამართლების, და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენების კონტექსტში, დაპატიმრება მომჩივანის არაძალადობრივი და თუნდაც უწესრიგო ქცევისთვის, არ იყო გამართლებული“, – ნათქვამია განჩინებაში.

წლებია, სამოქალაქო ორგანიზაციები და უფლებადამცველები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემურ რეფორმას ითხოვენ, თუმცა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ ნაცვლად უფლებრივი სტანდარტების გაუმჯობესებისა, ხელისუფლება კანონს კრიტიკული აზრის დაუსაბუთებელი, არაპროპორციული და თვითნებური შეზღუდვისთვის იყენებს.

“ეს მიდგომა მიუთითებს ხელისუფლების სურვილზე, რომ საზოგადოებამ თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობისგან’, – ნათქვამია TI-ის განცხადებაში, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში ჩხარტიშვილის ინტერესებს იცავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი