ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება სააკაშვილზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას

12 მაისი, 2023 • 2215
სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება სააკაშვილზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის დროებითი ღონისძიების საქმეზე.

დღეს, 12 მაისს, ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგმა არ დააკმაყოფილა სააკაშვილის თხოვნა დროებითი ღონისძიების ფარგლებში მისი პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე.

საუბარია იმის შესახებ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სთხოვეს, გამოეყენებინა შუალედური ღონისძიება იქამდე, სანამ სააკაშვილის საქმეს არსებითად განიხილავდა.

“მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დათანხმებულიყო გადაუდებლად ყოფილი პრეზიდენტის უცხო ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.

მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ამავე დროს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მომავალშიც უზრუნველყოფილი იყოს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მხოლოდ დროებით ღონისძიებაზე მიიღო გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივი ბრძოლა სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანისთვის კვლავ გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი