ახალი ამბები

რუსეთი ამ ნაბიჯით საქართველოს ევროინტეგრაციის დაზიანებას ცდილობს — სამხარაძე

11 მაისი, 2023 • 1363
რუსეთი ამ ნაბიჯით საქართველოს ევროინტეგრაციის დაზიანებას ცდილობს — სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანებას ემსახურება.

სამხარაძის თქმით, სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის გადაწყვეტილებაა და მასში საქართველოს ხელისუფლება არ ჩარეულა. ამიტომ სამხარაძე საზოგადოებას და ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს, დააკვირდნენ იმ დროს და მომენტს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გასაუქმებლად შეარჩია.

„ცალსახაა, რომ რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს, რადგან უნდა, შექმნას ისეთი იმიჯი, თითქოს საქართველო ახლოს თანამშრომლობს რუსეთთან. ამიტომ, როგორც ჩვენმა საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა, კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა ეს ნაბიჯი ახლა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილიც მიიჩნევს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბარიერის შექმნას უკავშირდება. მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ პუტინის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დააკისრო.

„რუსეთის ხელისუფლების ქმედებები ყოველთვის იყო და არის მიმართული იმისკენ, რომ მაქსიმალურად შექმნას ბარიერები საქართველოსთან დაკავშირებით, მის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ესეც არის მისი ნაწილი[…] ცოტა სხვა კუთხით უნდა დავინახოთ, მეტი სიფრთხილით უნდა დავინახოთ და მეტი პასუხისმგებლობით ვაკეთოთ განცხადებები, განსაკუთრებით, როდესაც ეს ოპოზიციის განცხადებებს ეხება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. რუსეთის სამართლებრივ პორტალზე გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება. უვიზო რეჟიმი ძალაში 15 მაისიდან შევა.

განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებში რუსეთში შესვლას ვიზის გარეშე შეძლებენ. თუმცა ვიზა კვლავ იქნება საჭირო სამუშაოდ ან 90 დღეზე მეტხანს წასასვლელად.

რაც შეეხება რუსეთში უვიზოდ გამგზავრებას, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ რუსეთში უვიზოდ 180 დღიდან 90 დაყონ.

2022 წლის დეკემბერში მოსკოვში არ გამორიცხავდნენ სავიზო რეჟიმის გაუქმებას, „თუ ამისთვის პირობები დადგება“.

სავიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივით 1999 წელს პირველად რუსული მხარე გამოვიდა. პუტინმა, რომელიც მაშინ პრემიერის პოსტს იკავებდა, ეს იმით ახსნა, რომ რუსეთი, ჩეჩნეთის ომის პირობებში, არ აკონტროლებდა საზღვრის ნაწილს და მას „ბოევიკები“ უპრობლემოდ კვეთდნენ. მანვე თქვა, რომ ეს დროებითი ზომა იქნებოდა.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ამ ზომას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ, საბოლოოდ, სავიზო რეჟიმი 2000 წლის ბოლოს დაწესდა.

რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, 2012 წელს გაუქმდა. საქართველოს მოქალაქეებს კი ვიზა რუსეთში წასასვლელად პუტინის ამ გადაწყვეტილებამდე სჭირდებოდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი