ახალი ამბები

პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებელს აკრიტიკებს 

10 მაისი, 2023 • 903
პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებელს აკრიტიკებს 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს აკრიტიკებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ქართველი ხალხისადმი მიმართვის ტრანსლაციასთან დაკავშირებულ საკითხის გამო.  

გავრცელებულ განცხადებაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ 9 მაისს, საზეიმო კონცერტის დაწყებამდე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სთხოვა საზოგადოებრივ მაუწყებელს ღონისძიების დასაწყისის (რამდენიმე წუთი) პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია. ღონისძიებაზე საქართველოს მოქალაქეებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მიმართა. 

“თხოვნის მიუხედავად, ღონისძიების შესახებ რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებლზე არა პირდაპირ ეთერში (21:00 საათზე), არამედ საინფორმაციო პროგრამა ,,მოამბის“ ერთ-ერთ ბოლო სიუჟეტში, 21:27 საათზე, მათ შორის ,,რეგულაციები პარაპლანით ფრენაზე“ სიუჟეტის შემდეგ გაკეთდა.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას  წარმოადგენს  საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია. 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არაჯეროვნად შეასრულა ეს ვალდებულება, რადგან არ მიანიჭა სათანადო მნიშვნელობა ევროკავშირიდან საქართველოს და ქართველი ხალხისადმი მხარდამჭერ უმაღლესი დონის განცხადებას, რაც განსაკუთრებული დატვირთვის მქონეა დღეს, როცა საქართველო  ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელის”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

საზოგადოებრივ მაუწყებელს საპასუხო განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. “ნეტგაზეთი” მაუწყებელთან დაკავშირებას ცდილობს და მათ კომენტარსაც შემოგთავაზებთ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი