გამორიცხული არაა, რომ „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი თავის ვიდეომიმართვაში ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებს.
იგი უკმაყოფილებას გამოთქვამს რუსეთის ომისადმი მიდგომით და ფრონტზე არსებული ვითარებით და აცხადებს: „ბედნიერი ბაბუა კი ფიქრობს, რომ კარგადაა“. იქვე პრიგოჟინი, როგორც თავად ამბობს, „უბრალოდ ვარაუდობს“, რომ შეიძლება, „ბაბუა არამზადაა“.
„ბაბუა“ [რუს. Дедушка, дед] რუსეთში, ძირითადად ოპოზიციურ წრეებში, გამოიყენება, როგორც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ფსევდონიმი.
„არის ხალხი, ვინც იბრძვის და არის ხალხი, ვინც ცხოვრებაში ერთხელ სადღაც ისწავლა, რომ უნდა იყოს რეზერვი – და აგროვებენ, აგროვებენ, აგროვებენ ამ რეზერვებს.
საწარმოები ამზადებენ ამ ჭურვებს, მაგრამ ჯარისთვის მათი მიცემის ნაცვლად, რაღაც საწყობებში აგროვებენ. არავინ იცის, რისთვის. იმის ნაცვლად, რომ დავხარჯოთ ჭურვი, მოვკლათ მოწინააღმდეგე და გადავარჩინოთ ჩვენი ჯარისკაცი, კლავენ ჩვენს ჯარისკაცებს.
ბედნიერი ბაბუა კი ფიქრობს, რომ კარგადაა. და ქვეყანამ რა აკეთოს? თუ მართალი აღმოჩნდა, ყველა ჯანმრთელად იყოს, მაგრამ რა გააკეთოს ქვეყანამ, ჩვენმა ბავშვებმა, შვილიშვილებმა, რუსეთის მომავალმა? როგორ მოვიგოთ ომი, თუ შემთხვევით, უბრალოდ ვვარაუდობ, აღმოჩნდება, რომ ეს ბაბუა – დასრულებული არამზადაა?“, – ამბობს იგი.
ბოლო დღეებში პრიგოჟინი აქტიურად აკრიტიკებს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას, დღევანდელ ვიდეომიმართვაში კი მან უკრაინის სამხედრო წარმატებებზეც ისაუბრა და უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის მდგომარეობით.
ამ თემაზე გირჩევთ: