ავტორი: ლიზა ბულია
“ალდაგმა” “ვოლტის’’ კურიერ ლევან მძევაშვილს, რომელიც ერთი წლის წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ავარიაში მოყვა და დღემდე კომაშია, მკურნალობის თანხა, დაზღვევის შესაბამისად, 70 000 ლარით აუნაზღაურა.
“ანაზღაურება დაახლოებით 70 000 ლარამდეა. მაქსიმალური ლიმიტების შესაბამისი თანხაა ეს. ანაზღაურების თანხა ჯამურად გაიზარდა, რადგან დაემატა შრომისუუნარობის დაფარვაც’’, – ამბობენ ,,ალდაგში’’.
ლევან მძევაშვილის ამბავს ნეტგაზეთი მარტიდან მოყოლებული აშუქებს.
თავდაპირველად ,,ალდაგი’’ დაზარალებულს სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებისთვის, პოლისის ფარგლებში, 4310 ევროთი აფინანსებდა, თუმცა ოჯახი ამ თანხის მიღებაზე უარს აცხადებდა და ამბობდა, რომ ეს ფული საკმარისი არ იყო დაეფარა ლევანის მკურნალობის ხარჯები და დავალიანებები.
უბედური შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგ ლევანს მიენიჭა პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსი, შრომისუუნარობის დამადასტურებელი სამედიცინო დასკვნის მიღების შემდეგ კი ანაზღაურების თანხა გაიზარდა:
“ლევანს ქალა-ფუძის მოტეხილობა აქვს, ხელოვნური ძვლები ჩაუსვეს. ამის შემდეგ მას მიენიჭა პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსი, არის უნარშეზღუდული, არ შეუძლია მუშაობა და ოჯახის რჩენა, სწორედ ამის საფუძველზე დააფინანსეს [ამ თანხით]’’, – ამბობს კურიერის მეუღლე ლელა ცქვიტიშვილი ნეტგაზეთთან.
“გვიან, მაგრამ თავისი გასაკეთებელი ,,ალდაგმა’’ გააკეთა. მართალია, ეს თანხა ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ლევანის მკურნალობა გვიჯდება, ჯერ მარტო 31 000 ლარი ხეჩინაშვილის კლინიკაში ვალად გვაქვს აღიარებული, სანათესავოში რაც კი რაიმე ოქრო არსებობდა, ყველაფერი ლომბარდში მაქვს ჩადებული, მკურნალობის ყოველდღიურ ხარჯებზე ლაპარაკიც ზედმეტია, მაგრამ ეს ,,ალდაგის’’ მაქსიმუმი იყო, მათთან უკვე არანაირი შეხება აღარ გვაქვს, გავსწორდით, თუმცა ახლა მაინტერესებს ,,ვოლტის’’ პოზიცია’’, – ამბობს ლელა.
კურიერის მეუღლე “ვოლტისგან” მოითხოვს ლევანისთვის საპენსიო ასაკამდე ყოველთვიურ კომპენსაციას. საუბარია თანხაზე, რომელსაც თვის განმავლობაში მუშაობის დროს გამოიმუშავებდა, საშუალოდ (1700-1800) ლარი. ლევანის ოჯახი აპირებს სამართლებრივი კონსულტაციის გავლას იურისტთან შემდგომი სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.
,,ვოლტის’’ წარმომადგენელი “ნეტგაზეთთან” აცხადებს, რომ კომპანია მუდმივ კავშირზე იყო ,,ალდაგთან’’, რათა სადაზღვევო შემთხვევა მაქსიმალურად ანაზღაურებულიყო ხელშეკრულების შესაბამისად. “ვოლტში’’ ჯერჯერობით არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას ოჯახის მოთხოვნასთან დაკავშირებით: ,,ჩვენთვის, ბუნებრივია, ცნობილია ლევან მძევაშვილის მდგომარეობა, პირველივე დღიდან საქმის კურსში ვართ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ჩართული ვართ ამ ტრაგიკული შემთხვევის გარშემო მიმდინარე პროცესში. რაც შეეხება ლევან მძევაშვილის ოჯახის მოთხოვნას “ვოლტის” მიმართ, ამ საკითხით კომპანიისათვის ამ დრომდე ოჯახს არ მოუმართავს და მათ მოთხოვნაზე ჩვენთვის ცნობილი მხოლოდ თქვენი კითხვით გახდა. აქედან გამომდინარე, დაგვჭირდება დამატებითი დრო, რომ ზუსტად ვიცოდეთ მათი მოთხოვნების და, შესაბამისად, ჩვენი პასუხის შესახებ’’, – აცხადებენ ვოლტში.
,,ვოლტის’’ კურიერი ლევან მძევაშვილი გასულ წელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მან მძიმე დაზიანებები მიიღო და დღემდე უგონო მდგომარეობაში, კომაშია. ლევანის ოჯახი მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას თითქმის ერთი წლის განმავლობაში ითხოვდა. სადაზღვევო კომპანია და ვოლტი მანამდე მიუთითებდნენ ბიუროკრატიულ სირთულეებზე, რის გამოც, მათი განმარტებით, დაზღვევა ვერ ახერხებდა თანხის გადახდას.
კურიერი მკურნალობას ორითვე-ნახევარი ხეჩინაშვილის კლინიკაში’ გადიოდა, შემდეგ ერთი თვე თურქეთში, ,,BHT CLINIC-ში’ იწვა. ,თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ ლევანს თავზე ოპერაცია ,,ამერიკულ ჰოსპიტალში’’ ჩაუტარდა. მისი ძირითადი დიაგნოზებია: ქალაფუძის მოტეხილობა, ქალასარქველის მოტეხილობა,თავის ტვინის კეროვანი ტრავმა,გულმკერდის აორტის ტრავმა,ფილტვის და სხვა დაუზუსტებელი მრავლობითი ტრავმები.
ლევანის მკურნალობის ყოველდღიური ხარჯების დაფარვას ოჯახი ხალხის შემოწირულებით და სოციალური დახმარებით ახერხებს.
დახმარების მსურველთათვის ვაქვეყნებთ დაზარალებულის დის ანგარიშის ნომრებს:
GE02BG0000000539621571 – ნინო მძევაშვილი (საქართველოს ბანკი);
GE27TB7426745068100019 – ნინო მძევაშვილი (TBC)
