„მე არ ვიცი, საერთოდ ღირს თუ არა ასეთ ჯგუფში დარჩენა, თუ კონფერენციაში მონაწილეობას გიკრძალავს შენივე პოლიტიკური ჯგუფი“, – ასე ეხმიანება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროპის სოციალისტური პარტიის (PES) განცხადებას.
კერძოდ, ევროპის სოციალისტური პარტია აკრიტიკებს ბუდაპეშტში, CPAC-ის კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობას და აცხადებს, რომ იმსჯელებს „ქართული ოცნების“ სტატუსზე.
„ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტური პარტიის(PES) დამკვირვებელი წევრია.
„ჩვენთვის წარმოუდგენელია ის ფაქტი, რომ კონფერენციაში მონაწილეობა, თან იმ კონფერენციაში, რომელიც ტარდება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, რომელშიც თავის დროზე გამოდიოდნენ რონალდ რეიგანი, ჯორჯ ბუში და ა.შ. ამ კონფერენციაში მონაწილეობისთვის, პარტიამ, რომელიც არის დამკვირვებელი ევროპის სოციალისტებში, რაიმე სანქცია მიიღოს.
რა თქმა უნდა, ამას დასჭირდება, ალბათ, ახსნა-განმარტება, თუ ასეთი მიუღებელია იმ კონფერენციაში მონაწილეობა, მაშინ საერთოდ უნგრეთის ადგილი ევროკავშირში როგორ არის? ეს ხომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყანაა[…] მე არ ვიცი, საერთოდ ღირს თუ არა ასეთ ჯგუფში დარჩენა, თუ კონფერენციაში მონაწილეობას გიკრძალავს შენივე პოლიტიკური ჯგუფი[…] თუ ეს მართლა ამის საფუძველია, მაშინ, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ მათთან ამ საკითხზე და ჩვენ თვითონაც დავაყენებთ ამ საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.