ახალი ამბები

ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

4 მაისი, 2023 •
ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

„ნაციოანალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები, ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. ამის შესახებ მათ დღეს, 4 მაისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

დეკანოიძემ და გოცირიძემ „ნაციოანალური მოძრაობა“ მას შემდეგ დატოვეს, რაც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მათ დაეხმარებათ, რომ  ყველა საპარლამენტო რესურსი გამოიყენონ. მისი თქმით, პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე  იქნება.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი და კარგი გადაწყვეტილება. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო რესურსს, ეს იქნება მათ შორის აპარატში მუშაობა, საკანონმდებლო მუშაობა, დელეგაციებში ჩვენი მონაწილეობა… ვფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც დარეგისტრირდება საბოლოოდ ეს საკანონმდებლო ცვლილება, მე და ბატონ რომან გოცირიძეს გვექნება უკვე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი. ჯერჯერობით პოლიტიკური ჯგუფის სახელწოდება არ ვიცით, მაგრამ მინდოდა, რომ შემეტყობინებინა ეს ამბავი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძეს და გოცირიძეს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები აძლევთ. ცვლილებების შემდეგ, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა აქვთ ერთი პარტიის სიით შესულ დეპუტატებს მაშინაც, როცა ისინი ამ პარტიას დატოვებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი