ახალი ამბები

მორგოშია: უტყუარი ინფორმაცია მაქვს… ყველა კანონს მიიღებენ, რომელსაც ვითხოვდით

2 მაისი, 2023 • 8270
მორგოშია: უტყუარი ინფორმაცია მაქვს… ყველა კანონს მიიღებენ, რომელსაც ვითხოვდით

პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ „უტყუარი ინფორმაცია“ აქვს, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ პარტნიორი პარტიების მეშვეობით ყველა იმ კანონს მიიღებს, რომელსაც „ალტ ინფოს“ პარტია ლობირებს.

მათ შორის მორგოშია ახსენებს ჰომოფობიური შინაარსის მქონე კანონს “გეი პროპაგანდის” შესახებ.

„მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება”, პარტნიორი პარტიების მეშვეობით, მიიღებს ყველა იმ კანონს, რომლის მიღებასაც ჩვენ წლებია ვითხოვთ და ვიბრძვით! მათ შორის კანონს გეი-პროპაგანდის წინააღმდეგ! ეს ამბავი ძალიან მახარებს, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, 5 ივლისი იყო ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება და ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისი საქართველოში“, — აცხადებს კონსტანტინე მორგოშია.

დღეს, 2 მაისს, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ „ევროპელი სოციალისტები“ მხარს უჭერენ „უცნობის“ აქციაზე გახმოვანებულ მოთხოვნებს და მზად არიან, მათი ინიცირება პარლამენტშიმოახდინონ კანონპროექტების პაკეტის სახით.

30 მაისის აქციაზე მსახიობმა და ყოფილმა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ზაზა პაპუაშვილმა წაიკითხა ორგანიზატორების შემდეგი მოთხოვნები ხელისუფლებისადმი:

  • პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში ქართველ ხალხს პლებისციტით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს;
  • პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს 2004-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატორულ რეჟიმს;
  • ხელისუფლებამ იზრუნოს სუვერენული, ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე;
  • სკოლებში დაინერგოს ფუნდამენტური განათლება.
  • დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდეს;
  • დაიხვეწოს ნარკოტიკებთან დაკავშირებით მთელი რიგი საკითხები;
  • ლგბტ პროპაგანდა კანონით აიკრძალოს.

რაც შეეხება 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს, რომელსაც მორგოშია „ქართველი ხალხის უდიდეს გამარჯვებად“ აფასებს, ამ დღეს რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე  ძალადობრივმა ჯგუფებმა 53 ჟურნალისტს სცემეს. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა. მათ შორის ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავაც იყო, რომელიც ინციდენტიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა

ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ ექსპერტიზის დასკვნის მხოლოდ ნაწილი გაასაჯაროა. დასკვნის გასაჯაროებული ნაწილის მიხედვით, ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორის გარდაცვალების უშუალო მიზეზი ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება გახდა. ნარკოტიკული ზედოზირება ლაშქარავას საქმეზე გამოძიების ის ვერსია იყო, რომელზეც შსს ოპერატორის დაღუპვის დღიდან მიანიშნებდა.

ექსპერტიზის დასკვნამდე დიდი ხნით ადრე, საქართველოს ხელისუფლებამ მისი გარდაცვალებისთანავე გაავრცელა წინასწარი ვერსიები, რაც ძალიან ჰგავდა ე.წ. რეპუტაციულ მკვლელობას. გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, თუ რა როლი ითამაშა გარდაცვალებაში რამდენიმე დღით ადრე სასტიკმა ფიზიკურმა ანგარიშსწორებამ.

5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღრიბაშვილის განცხადება, რა დროსაც  ღარიბაშვილმა „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებას „მიუღებელი“ უწოდა.

ძალადობრივი ჯგუფები ქუჩაში სწორედ თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩასაშლელად საპატრიარქოსა და პრო-რუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის ორანიზებით გამოვიდნენ. ჟურნალისტების ცემის გარდა, მათ ასევე დაარბიეს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო პროტესტის ფარგლებში პარლამენტის წინ დადგმული კარვები, ასევე „სირცხვილიას“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისები.

საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს ჯერაც არ გამოუვლენიათ ჟურნალისტებზე და აქტივისტების ოფისებზე თავდასხმების ორგანიზატორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი