ახალი ამბები

პოლონეთში რუსეთისგან რეპარაციების მოთხოვნას არ გამორიცხავენ

2 მაისი, 2023 • 678
პოლონეთში რუსეთისგან რეპარაციების მოთხოვნას არ გამორიცხავენ

პოლონეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ მეორე მსოფლიო ომში მიყენებული ზარალისთვის რუსეთისგან რეპარაციები მოითხოვოს, უთხრა მარჩინ პშიდაჩმა [პრეზიდენტის კანცელარიის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს უფროსი] „ფაინენშლ თაიმზს“.

„ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია ბერლინთან დიალოგის დაწყება, მაგრამ პუტინთან სულ სხვა ცივილიზაციაა. როგორც კი გერმანიასთან მივაღწევთ წარმატებას, შემდეგი ნაბიჯი შეიძლება გახდეს ასეთივე დისკუსიის დაწყება სხვა მჩაგვრელთან“, – აღნიშნა მან.

რუსული მხარე ამ მოთხოვნას „რუსოფობიად“ და „პოლიტიკურ ექსტრემიზმად“ აფასებს.


მეორე მსოფლიო ომის, – ოკუპაციის, მოსახლეობის რეპრესირების და სხვა დანაშაულების, – გამო პოლონეთმა გერმანიისგან რეპარაციების მიღების საკითხი 2022 წელს დააყენა. გერმანიამ ამ საკითხის განხილვაზე უარი თქვა. ბერლინისგან რეპარაციების მიღებაზე პოლონეთის კომუნისტურმა მთავრობამ უარი თქვა 1953 წელს, საბჭოთა კავშირის ზეწოლით.

საბჭოთა კავშირმა, რომლის სამართალმემკვიდრეცაა რუსეთი, 1939 წელს გერმანიასთან შეთანხმებით გაიყო პოლონეთი. 1940 წელს ჩეკისტებმა მოაწყვეს კატინის ხოცვა-ჟლეტვა: დახვრიტეს პოლონელი სამხედროები და მოსკოვისადმი პოტენციურად ოპოზიციურად განწყობილი ათასობით სხვა პირი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი