ავტორი: დავით ჯიშკარიანი, მკვლევარი
2023 წელს აფხაზეთში 30 წელი შესრულდება საომარი მოქმედებების დასრულებიდან. ომი აფხაზეთში საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაბადების გარიჟრაჟზე მოხდა. ამ ომმა დაახლოებით 250 000 ათას ადამიანს შეუცვალა ყოველდღიური ცხოვრება, გაწირა ისინი სიდუხჭირისა და დამცირებისათვის. საქართველოს ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით კი, ამ ადამიანებს აქვთ უფლება იცოდნენ, რა მოხდა ომში? აქვთ უფლება იცოდნენ, ვინ და როგორ განკარგავდა მათ ბედს ომის დროს? და ამ უფლების აღდგენა იმ სისხლის სამართლის საქმის გახსნით და მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომობითაა შესაძლებელი, რომელიც დღემდე საიდუმლოა.
ჩვენ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია, თუ რამდენი მნიშვნელოვანი დეტალი იქნება ამ სისხლის სამართლის საქმით – N2293877 დაცული.
1990-იან წლების მიწურულს თბილისს ელექტროენერგია უკვე გრაფიკით მიეწოდებოდა. დენის მოსვლას ქუჩაში გამაყრუებელ შეძახილს „შუქიიი მოოოვიდააა“ რუტინულად მოჰყვებოდა „მოდი, ტელევიზორი ჩავრთოთ და გავიგოთ, ქვეყანაზე რა ხდება“. ქვეყნიერების ამბების მთავარი მომყოლი საშუალება სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებები იყო. ახალგაზრდა თაობამ ალბათ არ იცის, რომ იყო დრო, როდესაც ახალ ამბებს მთელი ოჯახი სრულიად სერიოზულად ელოდებოდა, არ არსებობდა იუთუბი და არც ინტერნეტი, ტელევიზორს დაპაუზების, გადახვევის და არც გადმოხვევის ფუნქცია ჰქონდა. ბევრ ოჯახში პულტიანი ტელევიზორიც არ იყო და არხების გადასართავად ეკრანთან ფიზიკური მისვლა აუცილებლობას წარმოადგენდა. თუ ვინმეს ეზარებოდა და წარმოსახვის უნარიც ხელს უწყობდა, სხვადასხვა გრძელი საგნით გადართავდნენ ხოლმე. პირადად ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ბამბუკის ჯოხმა მოახდინა, რომელიც სავარძელში მჯდომ მამაკაცს ეჭირა ხელში და იმით რთავდა ტელევიზორს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს დრო სულ რაღაც 20-30 წლის წინ იყო.
რა გასაკვირია, რომ მძიმე და აუტანლად დეპრესიულ პერიოდში ახალი ამბებიც მათი მსგავსი იყო. ადამიანთა გატაცება, კრიმინალი, უშუქობა, ცეცხლწაკიდებული საბურავებით პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვა კი ყოველდღიური მოვლენა გახლდათ. ამას ემატებოდა პოლიტიკური კლასის თავგასულობა და ცინიზმი, რომელიც საზოგადოებაში დიდ აგრესიას იწვევდა. ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, დღემდე, „ჩავარდნის“ გარეშე გრძელდება.
ასეთ დროს ბავშვობას თავისი ხიბლი აქვს, მოსაყოლი გიგროვდება ადამიანს, დაუჯერებელი, გაუგონარი ამბები, რომელსაც მხოლოდ ასაკის მატებასთან ერთად აფასებ. თუმცა, კაცმა რომ მკითხოს, თუ ვინ მახსენდება ამ ეპოქიდან, რომელსაც 1990-იანების „დროის სუნი“ ასდის, ჩემს მეხსიერებაში უცებ, დაუფიქრებლად ამოტივტივდება ორი ადამიანი: ვიტალი ხაზარაძე და თემურ მღებრიშვილი. ხაზარაძეზე სხვა დროს იყოს, ამ ამბავში არ გავრევ და აი, მღებრიშვილი, ბავშვობის პერიოდში ნანახ საშინელებათა ფილმების შედეგად დარჩენილი შიშის სინდრომია, წარსულში რომ გეშინოდა და წლების მერე ამ შიშზე გეცინება.
ვინ იყო თემურ მღებრიშვილი? 1990-იან წლების მიწურულს ის ჭაღარა კაცი იყო, ინტერვიუების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, განათლებით არ ბრწყინავდა, მეტყველებაც შესაბამისი ჰქონდა. ის განსაკუთრებული დანიშნულების რაზმს, ე.წ. სპეცნაზს ხელმძღვანელობდა, რომელიც დემონსტრაციებს არბევდა, მოქალაქეებს სცემდა და მერე დასცინოდა. განსაკუთრებით ემტერებოდნენ ბატონ თემურს ზვიად გამსახურდიას მომხრეები. როგორც ჩანს, მტრობა ორმხრივი იყო. ისევ და ისევ ელექტროენერგიის გრაფიკით მოწოდების დროს, ხშირად ვხედავდით პირველი პრეზიდენტის მომხრეებისა და თემურ მღებრიშვილის დაპირისპირებას.
“ვინა თქვა, რომ დაარბიეს? ვინ დაარბია, რას ეძახით თქვენ დარბევას, ვერ გამიგია?! რომ მიხვალ იქა და დაფანტავ, ეგაა დარბევა? აბა, ფეხი მანახე, თუ დალურჯებული არ გაქვს, გაწითლებული ხომ მაინც უნდა გქონდეს? ტყუილებს ნუ იძახით”,- ასეთ პასუხს ხშირად მოისმენდი მღებრიშვილისგან.

თემურ მღებრიშვილი; ავტორი: ჯემალ კასრაძე
ეს დამოკიდებულება საქართველოში, ხელისუფლების წარმომადგენელსა და საზოგადოებას შორის არასოდეს შეცვლილა და სამწუხარო ტრადიცია დღემდე გრძელდება. მაშინაც დემონსტრაციების უმთავრესი ადგილი რუსთაველის გამზირი იყო, რომლის ერთ-ერთ სიმბოლოს ყოფილი სასტუმრო „ივერია“ წარმოადგენდა. საბჭოთა პერიოდის შენობა, რომელიც დამოუკიდებლობის მერე დევნილთა კომპაქტური საცხოვრებელი ადგილი გახდა. უმძიმეს სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში მცხოვრებმა ადამიანებმა, სივრცის მომატების მიზნით, ეტაპობრივად დაიწყეს აივნების ათვისება საცხოვრებელ ფართებად. სხვადასხვა ფრად, განსხვავებული სამშენებლო მასალით, განსხვავებული პროპორციებითა და ესთეტიკით შეფუთული აივნები იმ პერიოდის საქართველოს ყოფის კარგი მაგალითი იყო. პოლიტიკური ელიტები ხშირად მიდიოდნენ ამ შენობასთან და ადამიანებსაც ჰპირდებოდნენ უკან, სახლში დაბრუნებას. ესეც იმ პოლიტიკური კარნავალის ნაწილი იყო, რომელიც ამ ქვეყანაში უკვე 30 წელია ყოველ 14 აგვისტოს და 27 სექტემბერს იმართება.
დამოუკიდებელი საქართველოსთვის, ალბათ, ყველაზე დიდი და მოუგვარებელი პრობლემა აფხაზეთის საკითხია. 30 წლის განმავლობაში პოლიტიკური ელიტები პრობლემის რეალურ აღქმაზე და მის მოგვარებაზე ნაკლებად ზრუნავენ, პირიქით – კრიზისის გაგრძელებით არიან დაკავებული. კრიზისი არ გულისხმობს მხოლოდ ომს და შეიარაღებულ დაპირისპირებას, არც მის აქტიურ ფაზას. კრიზისი ამ შემთხვევაში გაურკვევლობაა და ის პოლიტიკა, რომელიც ამ გაურკვევლობის გაგრძელებას უწყობს ხელს.
საქართველოში პოლიტიკურ ელიტებს 30 წლის შემდეგაც არ გააჩნია მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკური ხედვა ამ საკითხსა და თანმდევ პრობლემებზე, ამიტომ გამოსავალიც მარტივად იპოვეს – პრობლემას კოსმეტიკურად, ზედაპირულად უყურებენ და ამ პერმანენტულ, დაუსრულებელ კრიზისზე ფინანსურ და სოციალურ კაპიტალს გამოიმუშავებენ. ამასობაში კი კრიზისი არა დროებითი, არამედ მუდმივი გახდა. კრიზისის მუდმივობას ერთმა, არცთუ უმნიშვნელო დეტალმაც შეუწყო ხელი – კითხვები, ვისი ბრალია ეს ყველაფერი და ვინაა ამაში დამნაშავე, დღემდე პასუხგაუცემელია. თუ ყველა ერთიანად, გმირულად იბრძოდა ომში, მაშინ რამ გამოიწვია ომში მარცხი?
ერთი მნიშვნელოვანი საქმის გამოძიებას შეეძლო ამ კარნავალის თავიდან არიდება, შეეძლო დისკუსიის განახლება, პრობლემის აღიარება და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის ბიძგის მიცემაც. სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქით მოხდა.
„1993 წლის ოქტომბერში შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი საქართველოს გენერალური და მთავარი სამხედრო პროკურატურების, უშიშროების, შინაგან საქმეთა სამინისტროების, პროფესიონალი და გამოცდილი მუშაკების შემადგენლობით. ჯგუფს თავიდანვე ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორი, იუსტიციის გენერალი ალექსანდრე შუშანაშვილი, 1997 წლიდან კი, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი ანზორ ბალუშვილი“ (გაზ. საქართველოს რესპუბლიკა 1992 წელი, N260, (3661))
ოფიციალურად კომისიამ 7 წელი იმუშავა და ოფიციალური ვერსიით, მუშაობის შედეგად გამოიკვეთა:
1. საქართველოს სამხედრო ფორმირებებში დისციპლინის დაბალი დონე და სუსტი ორგანიზაცია;
2 სამხედრო სტრატეგიის და ტაქტიკის შემმუშავებელ და განმახორციელებელ მეთაურთა უკმარისობა;
3. საჯარისო ფორმირებებში პირადი შემადგენლობა არ ფლობდა საბრძოლო მოქმედებების ჩვევებს. ამასთან დაკავშირებით გამოძიება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში გადაადგილებული შეიარაღებული ძალები შეესაბამებოდა საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 1 დეკემბრის კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 10 აგვისტოს დადგენილებით წინასწარ დასახულ ამოცანებს: დაეცვათ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები და რკინიგზის ტრანსპორტი ორგანიზებული ბანდების ხელყოფისაგან. სხვა ამოცანა ჯარის ნაწილის წინაშე არ იდგა და, ბუნებრივია, ის არ იყო მზად საომარი მოქმედებების წარმოებისა და მასში მონაწილეობის მისაღებად.
4. სეპარატისტებისგან და მათი დამხმარე მყარად ორგანიზებული შეიარაღებული ძალების მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ საბრძოლო მოქმედებების წარმართვისათვის ვერ იქნა უზრუნველყოფილი სხვადასხვა სახეობის საჯარისო დანაყოფების მეთაურთა ურთიერთშეთანხმებული და კოორდინირებული მოქმედება.
5. მოწინააღმდეგესთან პირისპირ შეტაკებისას საჯარისო ნაწილების პირად შემადგენლობაში თავი იჩინა ფსიქოლოგიურმა მოუმზადებლობამ, რამაც გამოიწვია პანიკა და პოზიციების მიტოვება.
დასკვნები მძიმეა, პასუხი, თუ ვინაა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, კვლავაც ღიაა.
კომისიის მუშაობის შედეგად გამოკვეთილი მეხუთე პუნქტი მიანიშნებს კატასტროფულ მდგომარეობას ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ელიტაში. ცალსახად ჩანს სამოქალაქო ომის მიჩუმათების მცდელობაც, მესამე პუნქტში მითითებული ტერმინი “ორგანიზებული ბანდები“ 1992 წლის 14 აგვისტოს ბრძანებულებაში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეები იყვნენ დასახელებული, ახლა ის გაქრა.
პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული დასკვნა პოლიტკორექტული და აბსოლუტურად არასაკმარისია იმისთვის, რომ უფრო ფართო მსჯელობა მოხდეს ამ საკითხზე. ის არ იძლევა ინფორმაციას მთლიანი პროცესისა და მასში მონაწილე პირთა შესახებ. ყველაფერი იმას ჰგავს, რომ ეს გამოძიება არა საქმის არსში გასარკვევად, არამედ იმისთვის ჩატარდა, რომ გამოძიება წარმართულიყო. პოლიტიკური მნიშვნელობის საქმეს, რომელსაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ სდევს თან, ფუჭად გაწეული შრომაა, აქ არ გამოდგება ილიას შეგონება, რომ ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობია.
მოქალაქეებს კი აქვთ უფლება, იცოდნენ მათი წარსული.