ახალი ამბებისაზოგადოება

საპირველმაისო აქციის 3 მონაწილეა დაკავებული

1 მაისი, 2023 • 2757
საპირველმაისო აქციის 3 მონაწილეა დაკავებული

,,ხმისა’’ და ,,მაისის სტუდენტური მოძრაობის’’ მიერ ორგანიზებულ საპირველმაისო მსვლელობაზე პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დააკავა.

ლიბერთი ბანკთან დაკავებული ორი აქტივისტის, გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას მხარდასაჭრად, ვაკის პოლიციასთან შეკრებილებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, შედეგად დააკავეს კიდევ ერთი აქტივისტი დიტო ჩანგელია.

აქციის მონაწილეებმა ,,ლიბერთი ბანკის’’ სათავო ოფისს საღებავი შეასხეს, რასაც პოლიციასთნ დაპირისპირება მოჰყვა. სწორედ ამის გამო დააკავეს აქციის ორი მონაწილე. მათ მხარდასაჭერად აქტივისტები ვაკის პოლიციისკენ დაიძრნენ, ადგილზე მისულებს კი განუცხადეს, რომ დაკავებულები იქ არ მიუყვანიათ, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია:

,,პოლიციის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ დაკავებით არ აკავებდნენ, უბრალოდ წაიყვანდნენ და ხელწერილს დააწერინებდნენ. შესაბამისად, გადაწყვიტეს, რომ თავიანთი ნებით წაჰყოლოდნენ. როგორც პოლიციის თანამშრომლებმა გვითხრეს, მოიყვანდნენ აქ, მზიურთან, პოლიციის შენობაში, მაგრამ აქ როდესაც მოვედით, გვითხრეს, რომ ეს კრიმინალური განყოფილებაა და ასეთი სახის შემთხვევები არ ეხებათ, ამიტომაც გადაიყვანეს კახეთის გზატკეცილზე, საპატრულო შენობაში. მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ. ვესაუბრეთ საპატრულო პოლიციის წარმომადგენელებს და გვითხრეს, რომ ყველაფერს გაარკვევენ’’, – განაცხადა ,,ნეტგაზეთთან’’ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა საბა ქერქაძემ.

1 მაისი მშრომელთა უფლებების დაცვისა და სოლიდარობის საერთაშორისო დღეა.

მემარცხენე მოძრაობებმა და პროფესიულმა გაერთიანებებმა თბილისის სხვადასხვა უბნებში აქცია/მსვლელობები გამართეს.

,,ხმისა’’ და ,,მაისის სტუდნეტური მოძროაბის’’ ორგანიზებული მსვლელობა დღეს, 15.00 სათზე ფილარმონიიდან დაიწყო. ისინი ლიბერთი ბანკისაგან საპენსიო სესხები ჩამოწერას ითხოვენ.

საპენსიო სესხი საქართველოში სტანდარტულთან შედარებით პენსიონერებისთვის უფრო მაღალ პროცენტში გაიცემა. შარშან მთავრობამ საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური ზღვარი 26% -ზე დააწესა. მანამდე პენსიით აღებულ სესხში პენსიონერები 30 პროცენტზე მეტსაც იხდიდნენ. სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ „ლიბერთი ბანკი“ საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას სათანადოდ არ ითვალისწინებს სოციალური სესხების მომხმარებელთა განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც ამ პირებს გაუმართლებლად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.

მომიტინგეების მთავარი საპირველმაისო მოთხოვნები იყო შემდეგი:

  • მინიმალური ხელფასი ყველა მშრომელისთვის და პროგრესული გადასახადი მდიდრებისთვის
  • უფასო საკვები სკოლებს
  • ღირსეული საცხოვრებელი სტუდენტებს, ღირსეული საცხოვრებელი ყველას
  • ანაზღაურებადი დეკრეტი ქალებისთვის
  • საპენსიო სესხების ჩამოწერა

ავტორი: ლიზა ბულია

მასალების გადაბეჭდვის წესი