ახალი ამბები

სტამბოლში, საპირველმაისო აქციებზე, 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

1 მაისი, 2021 • 1401
სტამბოლში, საპირველმაისო აქციებზე, 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

სტამბოლის პოლიციამ დააკავა 200-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც, პანდემიის კრიზისის თანმდევი შეზღუდვების ფონზე, მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების გამართვას შეეცადნენ.

თურქული “ბიანეთის” ცნობით, ძირითად შემთხვევებში აქტივისტები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ქალაქის ცენტრალურ მოედნამდე მიღწევას ცდილობდნენ. პროტესტში მშრომელთა და მემარცხენე ორგანიზაციები, ასევე, სტუდენტური ჯგუფები მონაწილეობდნენ.

ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე პოლიცია იყო მობილიზებული, აღმართული იყო ბარიკადებიც. პროტესტის მონაწილეები, რომლებიც თაქსიმის მოედნისკენ სხვადასხვა ქუჩიდან მიემართებოდნენ, სკანდირებდნენ: “დიდება ჩვენს ბრძოლას პირველი მაისისთვის”, “თაქსიმი ხალხისთვის ვერ დაიკეტება” და სხვ.

პოლიცია აქტივისტების შეკავებას ფარებითა და ბარიკადებით ცდილობდა. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ასევე ჩანს, რომ ის სპეციალურ საშუალებებს იყენებს დემონსტრანტთა წინააღმდეგ.

COVID-19-ის მესამე ტალღისა და დღიურად დაღუპულთა რეკორდული რაოდენობის ფონზე, თურქეთში 29 აპრილიდან 17 მაისამდე სრული ლოკდაუნია გამოცხადებული. თუმცა, ქვეყნის პოლიცია საპირველმაისო აქციების მონაწილეებს გასულ წლებშიც ხშირად აკავებდა.

AFP-ის თანახმად, თაქსიმის მოედანზე გაიმართა მცირერიცხოვანი სანქცირებული ღონისძიებაც, რომელიც “თურქეთის რეალური პროფკავშირების კონფედერაციის” მიერ იყო ორგანიზებული.

სტამბოლის ცენტრალური მოედანი სიმბოლური ადგილია მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული პროტესტისთვის. 1977 წლის პირველ მაისს სწორედ ამ ადგილას იმართებოდა დემონსტრაცია, რომლის დროსაც 34 ადამიანი მოკლეს.

ფოტო: Bianet

მასალების გადაბეჭდვის წესი