გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭო კულტურის სამინისტროს სასამართლოში უჩივის.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, რომელიც ცენტრის ინტერესებს სასამართლოში წარმოადგენს, სამინისტრო საბჭოს უფლებამოსილებაში ერევა და თამარ ბელაშვილს დისკრიმინაციულად ეპყრობა.
ორგანიზაციის თქმით, 2022 წლის 15 თებერვლიდან, ცენტრის დირექტორს, თამარ ბელაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და კანონმდებლობის შესაბამისად, 2022 წლის 16 თებერვალს, სამეცნიერო საბჭომ ცენტრის დირექტორის პოზიციაზე ღია კონკურსის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც ეცნობა სამინისტროს.
საია-ს თქმით, კონკურსი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ცენტრის სამეცნიერო საბჭომ არჩევანი კვლავ თამარ ბელაშვილის კანდიდატურაზე შეაჩერა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სამინისტრო ვალდებული იყო, საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატი დაემტკიცებინა, თუმცა უწყებამ ვალდებულების შესრულებაზე დაუსაბუთებლად თქვა უარი და სამეცნიერო საბჭოს მიუთითა, რომ გამოეცხადებინა ახალი კონკურსი, დირექტორის კანდიდატურა კი წინასწარ ყოფილიყო მათთან შეთანხმებული:
„აღნიშნული ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ სამინისტროსთვის მიუღებელი იყო კონკრეტულად თამარ ბელაშვილის კანდიდატურა, უარის საფუძველი კი კანონმდებლობა არ ყოფილა“, — ვკითხულობთ განცხადებაში.
საია-ს შეფასებით, სამინისტროს მიერ კანონის შესაბამისად ცენტრის დირექტორად არჩეული თამარ ბელაშვილის დამტკიცებაზე უარი და ცენტრის სამეცნიერო საბჭოსთვის დირექტორის კანდიდატურის წინასწარ შეთანხმების მოთხოვნა წარმოადგენს სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილებებში უხეშ ჩარევას. ასევე, სამინისტროს გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია თამარ ბელაშვილის მიმართ.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. ამასთან, საია-ს განცხადებით, სამინისტრო ითხოვს სამეცნიერო საბჭოს მოსარჩელეთა წრიდან ჩამოშორებას და საქმის შეწყვეტას იმ დასაბუთებით, რომ სამეცნიერო საბჭო არ წარმოადგენს ცალკე სამართლის სუბიექტს და მას არ აქვს დავის უფლება:
„სამინისტროს პოზიცია ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან კანონის მიხედვით, სწორედ ცენტრის სამეცნიერო საბჭოა უფლებამოსილი, შეარჩიოს ცენტრის დირექტორი და მისი არჩევანის დამტკიცებაზე გამიზნული და დაუსაბუთებელი უარი საბჭოს უფლებამოსილებაში ჩარევაა. აღსანიშნავია ისიც, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, სამინისტრო ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის ცენტრს, რაც გამოიხატება დებულებაში ცვლილებების შეტანის, საშტატო ნუსხის დამტკიცების შეფერხებასა და ბიუჯეტის ფორმირების გაჭიანურებაში. საია იმედოვნებს, რომ სასამართლო მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც არ შეილახება ცენტრის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და ის შეუფერხებლად შეძლებს თავისი ეროვნული კვლევითი საქმიანობის კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებას“, — ვკითხულობთ განცხადებაში.