ახალი ამბები

ქართველი ტაქსისტი პოლონეთში ცნობილი მსახიობის ცემის ბრალდებით დააკავეს

28 აპრილი, 2023 • 1482
ქართველი ტაქსისტი პოლონეთში ცნობილი მსახიობის ცემის ბრალდებით დააკავეს

პოლონელი მსახიობის ცემის ბრალდებით ვარშავაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, საქართველოს 25 წლის მოქალაქეს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პოლონური მედიის ინფორმაციით, მსახიობმა მარჩინ ბოსაკმა 21 აპრილს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ მას რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა მას შემდეგ, რაც ტაქსის მძღოლს შენიშვნა მისცა. მსახიობი აცხადებდა, რომ მძღოლმა მანქანა კინაღამ მის 11 წლის შვილს დააჯახა, პროტესტის გამოთქმის შემდეგ კი მძღოლი და კიდევ რამდენიმე ადამიანი თავს დაესხნენ და ცემა დაუწყეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ინციდენტიდან მალევე ვარშავის პოლიციამ სამი პირის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომელთაგან ერთი ინციდენტთან კავშირში არ აღმოჩნდა და მალევე გაათავისუფლეს, ორ პირს კი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მათ შორის, ერთი საქართველოს 25 წლის მოქალაქე, რუსლან გ-ა, რომელიც Bolt-ის აპლიკაციის გამოყენებით ტაქსის მართავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი