საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს 31 მაისს ბრიუსელში მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, მიმართვის თაობაზე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს, 27 აპრილს მიიღო.

ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას უკვე გაეგზავნა.


სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა იგეგმებოდა 18 აპრილსაც, თუმცა აღნიშნული ვიზიტი გადაიდო. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მაშინ აცხადებდა, რომ ვიზიტი საქართველოს მთავრობის მხრიდან “ხელოვნურად გაჭიანურებული” თანხმობის მიღების პროცესის გამო გადადო. ადმინისტრაცია აღნიშნავდა, რომ “უმნიშვნელოვანესი ვიზიტი” ქალაქ სტრასბურგში “ნაბიჯი უნდა ყოფილიყო დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით”.

თუმცა საქართველოს მთავრობა აღნიშნულს უარყოფდა და აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან სიტყვიერი თანხმობა ზურაბიშვილმა სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, მისი აშშ-ში ვიზიტის დროს მიიღო.

მთავრობა ამბობდა, რომ ვიზიტის შესახებ ბოლო, დაზუსტებული წერილი მათთან 12 აპრილს შევიდა, მეორე დღეს კი პრეზიდენტს გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის თაობაზე.