ახალი ამბები

9 მაისს გეორგიევსკის ლენტის ტარება ჯარიმით დაისჯება — მოლდოვა

27 აპრილი, 2023 • 856
9 მაისს გეორგიევსკის ლენტის ტარება ჯარიმით დაისჯება — მოლდოვა

მოლდოვის პრემიერ-მინისტრ დორინ რეჩანის განცხადებით, პოლიცია დააჯარიმებს ყველა იმ პირს, ვინც 9 მაისს გეორგიევსკის ლენტებს მოირგებს.

”ეროვნული პოლიცია ახლა ამზადებს ყველა საჭირო რეგულაციას ამ კუთხით. მოგვიანებით შსს-ს წარმომადგენლები საჯაროდ განმარტავენ, როგორ მოხდება ჯარიმების ადმინისტრირება“, — განაცხადა რეჩანმა.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც წმინდა გიორგის ლენტის ტარება დასაშვებია, „აბსოლუტურად არაფერს ცვლის“ და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ომის დანაშაულებისა და რუსული აგრესიის გასამართლებლად.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს სიმბოლოები მოლდოვის რესპუბლიკაში აკრძალულია“, — თქვა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ტელეგრამზე გამოეხმაურა მოლდოვის პრემიერის განცხადებას. მისი თქმით, შეუძლებელია წმინდა გიორგის ლენტის ამოღება ფაშიზმზე გამარჯვებიდან.

წმინდა გიორგის ორფერიანი ლენტის სიმბოლო რუსეთში იმპერატორ ეკატერინე მეორეს პერიოდიდან იღებს სათავეს, როდესაც წმინდა გიორგის ორდენით აჯილდოვებდნენ რუსეთის ჯარის ოფიცრებს ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის. ოფიცრებს ჯილდოს ატარებდნენ შავი და ნარინჯისფერი ზოლიანი ლენტით.

მოგვიანებით გეორგიევსკის ლენტი რუსეთში ნაციზმზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. დღესდღეობით შავ და ყვითელზოლიანი ლენტი რუსეთის პროპაგანდისტული ინსტრუმენტია და მათი დამზადება და გავრცელება ფინანსდება რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი