ახალი ამბები

პოლონეთის მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – დარჩიაშვილი

27 აპრილი, 2023 • 732
პოლონეთის მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ მან დღეს, 27 აპრილს, საქართველოში ვიზიტით მყოფ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზბიგნევ რაუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, პოლონელ კოლეგასთან საუბრისას აქცენტი გაკეთდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, რაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

როგორც დარჩიაშვილი აცხადებს, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ისაუბრეს იმაზეც, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს მეგობრების მობილიზება კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში.

„ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ პოლონეთის ურყევი მხარდაჭერის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. დღესაც გამორჩეულ როლს ასრულებს პოლონეთი ჩვენი საგარეო პრიორიტეტების განხორციელების საქმეში და მინისტრის საქართველოში ვიზიტი ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს. ჩვენი თანამშრომლობა არის ძალიან დინამიური. მინდა ხაზი გავუსვა, რომ პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და გვახარებს, რომ პოლონეთი ასეთი ძლიერი მეგობარი გვყავს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული რგოლის ფუნქციაზე და დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე, ასევე აქცენტი გაკეთდა ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობასა და საქართველოს როლზე ამ პროცესში.

მისი თქმით, ამ კონტექსტში, აღინიშნა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის მნიშვნელობა. როგორც დარჩიაშვილმა განაცხადა, მხარეებმა ცალსახად დააფიქსირეს შავ ზღვაზე უსაფრთხოების მნიშვნელობა ევროპისთვის.

დარჩიაშვილის თქმით, შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა რუსული ოკუპაციაზე და ასევე უკრაიანაში მიმდინარე ომზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი