ახალი ამბები

Wizz Air ქუთაისში მეოთხე ბაზირებულ ხომალდს და კოპენჰაგენის მიმართულებას ამატებს

27 აპრილი, 2023 •
Wizz Air ქუთაისში მეოთხე ბაზირებულ ხომალდს და კოპენჰაგენის მიმართულებას ამატებს

Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე ბაზირებულ ხომალდს და კოპენჰაგენის მიმართულებას ამატებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, AIRBUS 321neo ხომალდით პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის შესრულდება. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ დრომდე საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობს.

ამასთან, Wizz Air-ის განცხადებით, მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში სიხშირეები გაიზრდება სხვადასხვა მიმართულებებზე და ზოგიერთი მიმართულება კვირაში 3 და 4 სიხშირით შესრულდება:

„ბაზირებული ავიახომალდის დამატება ქუთაისის აეროპორტში გაზრდის რეისების რაოდენობას 28-მდე და დამატებით სიხშირეებს გახდის ხელმისაწვდომს ათენის, ბარსელონის, ბერლინის, დორტმუნდის, მემინგემის, მილანის, პარიზის, პრაღისა და რომის მიმართულებით“ ,— ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავიაკომპანიის პლატფორმაში ქუთაისი-კოპენჰაგენის მიმართულებით ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია. ამ დროისთვის დამატებული რეისები 2023 წლის პირველი დეკემბრიდანაა დამატებული და მათი ფასი 109 ლარიდან იწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი