ორგანიზაცია „რუსეთის მამები“ ხელისუფლებისგან ითხოვს თამარ გვერდწითელს, რომელიც მათ შორის რუსეთის სახალხო არტისტია, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვას, იუწყება ტელეგრამ-არხი „მეში“.
ორგანიზაციის აქტივისტი ანდრეო ზგონიკოვი მოთხოვნას იმით ხსნის, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გვერდწითელმა რუსეთში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა, ქვეყანა დატოვა და ახლა კონცერტების ჩატარებას აშშ-ში გეგმავს.
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი სოლოვიოვმა გამოცემა „ნიუს.რუს“ განუცხადა, რომ გვერდწითელისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საბაბს ვერ ხედავს, თუმცა დასძენს, რომ შესაძლოა აზრი ჰქონდეს გვერდწითელისთვის რუსეთში კონცერტების ჩატარების აკრძალვას, რათა შემოსავლის წყარო დაკარგოს.
„რუსეთის მამები“ კრემლის პოლიტიკისა და რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერი ორგანიზაციაა, რომლის ვებ-გვერდზეც პარტნიორების სიაში ღიადაა მოყვანილი მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“. ის 2021 წლის ბოლოს შეიქმნა და მისი გამგეობის თავმჯდომარე ანდრეი კოჩენოვი არის რუსეთის პრეზიდენტთან არსებული მამების საზოგადოებრივი საბჭოს ხელმძღვანელი.
