ახალი ამბები

ლაგუნა ვერესთან სროლის საქმეზე ბრალდებულს 13-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

26 აპრილი, 2023 • 920
ლაგუნა ვერესთან სროლის საქმეზე ბრალდებულს 13-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2022 წლის 2 აპრილს თბილისში, კოსტავას პირველ შესახვევში მდებარე „საგზაო კომპანია თბილისის“ ოფისის ერთ-ერთ ოთახში, კონსტანტინე ქობულიასთან [ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას ძმა] და მის მეგობრებთან სასაუბროდ მივიდნენ მათი ნაცნობები, ასევე, მათი პირადი დაცვის წევრები და თანმხლები პირები. შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებს შორის შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც კონსტანტინე ქობულიამ დაპირისპირებაში მყოფი პირების მიმართულებით იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ოთახში მყოფმა სამმა პირმა სხვადასხვა ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

გამოძიების თანახმად, აღნიშნული დაპირისპირების დროს, კ.მ.-მ და დ.ც-მ ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით, დაპირისპირების ოთახის გარეთ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლეს კონსტანტინე ქობულიას, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დ.ც. 2022 წლის 28 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამავე საქმეზე მსჯავრდებულია 14 პირი, ხოლო ერთი პირის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი