ახალი ამბები

ნავალნის თქმით, 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება

26 აპრილი, 2023 • 978
ნავალნის თქმით, 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ექსტრემიზმის ბრალდებით აღძრული საქმის ფარგლებში ცალკე გამოყოფილია „ტერორისტული საქმე“, რომელზეც მას სამხედრო სასამართლო გაასამართლებს.

ნავალნი ამბობს, რომ ამ საქმეზე 30 წლით კოლონიაში პატიმრობა ემუქრება.

„გამომძიებელმა ვიდიუკოვმა მითხრა, რომ ამ საქმიდან ცალკე გამოყოფილია საქმე ტერორიზმზე და მე, ციხეში ყოფნისას, ტერაქტებს ვაწყობ. ამ საქმეზე ცალკე გამასამართლებს სამხედრო სასამართლო. ამ საქმეზე 30 წლით პატიმრობა მემუქრება. შემდეგი, როგორც ჩანს, სამუდამო პატიმრობა იქნება“, – ციტირებენ მის ნათქვამს თანამოაზრეები.

ალექსეი ნავალნი, რომელიც მოწამვლის შემდეგ გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, აეროპორტშივე დააპატიმრეს, 2022 წლის მარტში კი ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით.

2022 წლის ოქტომბერში ნავალნიმ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს – ტერორიზმის და ექსტრემიზმის პროპაგანდის, ექსტრემისტული საქმიანობის დაფინანსების და ნაციზმის რეაბილიტაციის ბრალდებებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი