ახალი ამბები

160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი მაისში გამოცხადდება — კალაძე

26 აპრილი, 2023 • 1214
160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი მაისში გამოცხადდება — კალაძე

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვაზე ბაზრის კვლევა 27 აპრილს დასრულდება, ტენდერი კი მაისში გამოცხადდება.

წინასწარი შეფასებით, 160 ავტობუსი შესყიდვის ფასი 245 მილიონი ლარი (თითოს ღირებულება დაახლოებით 1.5 მლნ) იქნება.

„18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამოცხადებული აქვს ბაზრის კვლევა, რომელიც 27 აპრილს დასრულდება. პირველ ეტაპზე 160 ერთეული ავტობუსის შესყიდვა განხორციელდება. ბაზრის კვლევის შედეგების შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია მაისის დასაწყისში. წინასწარი შეფასებით, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ჯამური ბიუჯეტი, დღგ-ის ჩათვლით, დაახლოებით 245 მილიონი ლარი იქნება. ეს თანხა დაკორექტირდება ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით და საბოლოო რიცხვი გვეცოდინება, როდესაც ტენდერი გამოცხადდება და იქნება გამარჯვებული კომპანია“, — განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა დაგეგმილია ეტაპობრივად: 2024 წლის განმავლობაში პირველი 50 ერთეული მოწოდება საორიენტაციოდ 2024 წლის აპრილამდე მოხდება, ხოლო დანარჩენის — 2024 წლის მეოთხე კვარტალში.

ამავდროულად, ტენდერი გამოცხადებულია თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების ბაზის პროექტირება-მშენებლობაზე. მერიის ინფორმაციით, ავტობაზა გათვლილი იქნება 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსზე. ტენდერი დასრულდება 8 მაისს. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 62 მლნ ლარს, დღგ-ის ჩათვლით. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 10 თვის ვადაში, უნდა მოაწყოს არანაკლებ 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის ექსპლუატაციისთვის საჭირო ავტობაზის ინფრასტრუქტურა.

კახა კალაძის თქმით, ავტობაზის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2024 წლის ბოლომდე.


დედაქალაქში ჯერ კიდევ არ შემოსულა არცერთი 18-მეტრიანი ავტობუსი, რომელთაც უნდა ევლოთ 10 დერეფანში და რომლის ლოდინის პერიოდიც 12-15 წუთი უნდა ყოფილიყო. სატრანსპორტო რეფორმის და მერიის დაპირების თანახმად, მათი შემოყვანა 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა არაერთხელ გადავადდა.

ამასთან, მერიამ/მთავრობამ უარი თქვა $80-მილიონიან საგარეო ვალზე EBRD-ისაგან, რითიც იგეგმებოდა ამ 200 ავტობუსის შემოყვანა და დეპოს აშენება.

18-მეტრიანი ავტობუსები ახლა რომ შემოვიდეს, უარეს კოლაფსს გამოიწვევს – წილოსანი

მასალების გადაბეჭდვის წესი