„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ უზენაეს სასამართლოსთან გამართეს აქცია, სახელწოდებით – „არა რუსულ კლანს სასამართლოში“ , სადაც სანქცირებული მოსამართლეების გადადგომა მოითხოვეს.

მომტინგეების თქმით, სანამ სანქცირებული მოსამართლეები იქნებიან სასამართლო ხელისუფლების სათავეში, შეუძლებელია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის წევრობა.

როგორც აქციის მონაწილე ედო ჯავახიძე ამბობს, “სასამართლო კლანი” საქართველოს ევროპულ პერსპექტივას უკლავს.

„პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის საქმე, რომელიც დღეს იმყოფება უმძიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაში და მიუხედავად ამისა, სასამართლო მას კლავს პირდაპირი მნიშვნელობით. ასევე, ამის ნათელი მაგალითია ნიკა გვარამიას საქმე, რომელიც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ზის ციხეში“, – განაცხადა ედო ჯავახიძემ.

5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ 3 მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე აშშ-ის სანქციებში მოყვა “მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო”.

6 აპრილს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სპეციალური სხდომა გაიმართა, რომლის დროსაც სანქცირებულმა მოსამართლე ლევან მურუსიძემ თქვა, რომ კორუფციის ბრალდება უსაფუძვლოა და აშშ-ის საელჩოს სურვილია, დაეუფლოს ქართულ სასამართლოს.

აშშ-ის სანქციები შეეხოთ მოსამართლეებს, რომელთაც ხშირად იხსენიებენ ე.წ. სასამართლო კლანის წევრებად, სისტემაში მათი გავლენის გამო.

მურუსიძის გარდა, აშშ-ის სანქციები შეეხო ორ მოქმედ მოსამართლეს — მიხეილ ჩინჩალაძესა და ირაკლი შენგელიას, ასევე, ყოფილ მოსამართლეს — ვალერიან ცერცვაძეს.

ავტორი: თამთა კევლიშვილი