ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, IRI-ის კვლევა მოწმობს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს და ხელისუფლების ცვლილება უალტერნატივოა.
„ქართულ ოცნებაში“ კი კვლევას არასანდოდ მიიჩნევენ.
მმართველი პარტიის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის, რომ IRI-ის კვლევები რეალობასაა აცდენილი, საქართველოში გამართულმა ბოლო 8 არჩევნებმა დაადასტურა.
„ცხადია, არათუ ჩვენ, პოლიტიკური გუნდის წევრებს, არამედ ნებისმიერ ჩვენს მხარდამჭერს გაუჭირდება ამ შედეგების დაჯერება და მიღება ისე, როგორც არის წარმოდგენილი. მით უმეტეს, გვახსოვს, რომ ეს კვლევები 8-ჯერ გადამოწმდა საქართველოში დემოკრატიული არჩევნებით და გამოჩნდა, რომ ის აცდენილი იყო რეალობას[…] ამდენჯერ რომ აცდენილიყო ველზე ჩატარებული კვლევის შედეგები არჩევნების რეალურ შედეგს, IRI-ის ადგილას მე დავფიქრდებოდი იმ ორგანიზაციაზე, ვისაც ვუკვეთავ ასეთი კვლევების ჩატარებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ქართული ოცნების“ მსგავსად, IRI-ის კვლევას არასანდოდ მიიჩნევენ „ხალხის ძალაშიც“, რომლის რეიტინგიც IRI-ის ახალ კვლევაშია გაზომილი. კვლევის მიხედვით, „ხალხის ძალას“ მხარს 1%-ზე ნაკლები უჭერს.
როგორც „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, სჯობს, რომ IRI-იმ კვლევები აღარ ჩაატაროს.
„ეს კვლევა არათუ ახლოს არ არის ობიექტურობასთან, საზოგადოების ინტერესიც აღარ არის. ამიტომ სჯობს, რომ ამ ორგანიზაციამ საერთოდ აღარ ჩაატაროს კვლევა, ან თუ ჩაატარებს, შეგვიძლია ვისხდეთ და ვიხალისოთ ხოლმე, რაღაც გამოთვლები ვაწარმოოთ, მათ ფანტაზიებში ვინ გაიმარჯვებს“, – განაცხადა „ტვ პირველთან“ გურამ მაჭარაშვილმა.
პარტიის„საქართველოსთვის“ წევრები კი ყურადღებას ამახვილებენ კვლევის იმ შედეგებზე, სადაც გიორგი გახარიას რეიტინგი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალია.
ასევე, ამავე კვლევის თანახმად, პარტიებს შორის ყველაზე დიდი უარყოფითი რეიტინგი აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას“ – 39% და „ქართულ ოცნებას“ – 34%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას ერთ-ერთი ყველაზე დაბალი უარყოფითი რეიტინგი – 4% აქვს. მათი თქმით, ეს ნეგატიური რეიტინგი ადასტურებს, რომ „ოცნება განაცდა“.
„ესეც სხვა პარტიებისთვის ერთგვარი გამომაფხიზლებელი მესიჯი უნდა იყოს. იმის ნაცვლად, რომ გიორგი გახარიას რაღაც სახელებს უწოდებდნენ, სჯობს საკუთარ რეიტინგზე იზრუნონ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა „ტვ პირველთან“.
ოპოზიციური პარტიების ნაწილმა კი IRI-ის კვლევის შედეგებში გაერთიანების საჭიროება დაინახა. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, ოპოზიციურ გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს და რაც უფრო დიდი იქნება ეს გაერთიანება, მით უფრო გარანტირებულია გამარჯვება.
„ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ დამანგრევლად დამარცხდებოდა. ეს არის ამ კვლევის შედეგები. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემდეგ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დამარცხდება. როგორც კომუნისტური პარტია, რუსეთთან დაკავშირებული ბნელეთის ძალა, ჩაბარდა ისტორიულ წარსულს, ზუსტად ასე ჩაბარდება „ქართული ოცნება“ ისტორიულ წარსულს, რომელსაც არანაირი ღირებულებითი კავშირი არ აქვს საქართველოს მოქალაქეებთან. ასე რომ, წინ გაერთიანებისკენ და გამარჯვებისკენ. ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებია და იმედია, ყველა გამოიტანს იმ დასკვნას, რაც საჭიროა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ენმ-შიც მიაჩნიათ, რომ პროევროპული პარტიების გაერთიანება უალტერნატივოა. „ნაციოანალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება არც ისეთი ძნელია.
„ნებისმიერი კვლევა ადასტურებს იმას, რომ ყველა პროევროპული ოპოზიციური პარტიის ერთობლივ ბრძოლას ალტერნატივა არ გაჩნია. თუმცა ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ყველა პარტიამ აქტიურად უნდა იმუშაოს საკუთარი პოზიციის გამყარებისთვის. ის, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს კლება და 19%-იანი რეიტინგი, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 14%-იანი რეიტინგი და სხვა დანარჩენ პარტიებს მატება, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება არც ისეთი ძნელია, როგორც შეიძლება ვინმეს წარმოედგინოს“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
„ლელოში“ კი მიაჩნიათ, რომ საზოგადოებას ცალკე ძლიერი პოლიტიკური აქტორები სჭირდება, რომლებსაც კონკრეტული საკითხების და თემების ირგვლივ თანამშრომლობა შეუძლიათ.
„კვლევა აჩვენებს, რომ ხელისუფლება არის ძალიან არაპოპულარული და დაღმავალ “პალასაზეა”. არც არის გასაკვირი, რადგან მათ ჩააფლავეს ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება[…] საზოგადოებას სჭირდება დაინახოს ცალკე აღებული ძლიერი პოლიტიკური აქტორები, რომლებსაც შეუძლიათ კონკრეტული საკითხების და თემების ირგვლივ თანამშრომლობა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით კი, ევროკავშირსა და დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობის ზრდა პირდაპირ მიუთითებს, თუ როგორი უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების ტაქტიკა.
მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა დაარწმუნონ მოქალაქეები, როგორც მათი, ასევე „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები, რომ მასთან ერთად საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანებას პერსპექტივა არ აქვს.
„სწორედ ამიტომ მგონია საპარლამენტო ოპოზიციის ტაქტიკა მცდარი, როცა ისინი ქმნიან ილუზიას, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიც კი, მათი უვარგისობისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს აქვს ევროინტეგრაციის შანსი. „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ამის შანსი არ არსებობს, ამიტომ დღეს მთელი ოპოზიციური სპექტრისა და ქართველი ხალხის ერთადერთი მიზანი ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორება უნდა იყოს“, – განაცხადა ბობოხიძემ.
დღეს, 25 აპრილის, IRI-ის კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც 4-23 მარტის პერიოდში ჩატარებული გამოკითვხის შედეგებს ასახავს. კვლევის შედეგების თანახმად, შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, დღეს არსებულ 5%-იან ბარიერს მხოლოდ 2 პარტია „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გადალახავდა.
IRI-ის კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი შემცირებულია. კერძოდ, კითხვაზე, მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 19% ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“, რაც გასული წლის ნოემბერთან შედარებით 6%-ითაა შემცირებული. ხოლო, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინgი 14%-ია.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, 3%-იანი მხარდაჭერა აქვს გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებას“.