ახალი ამბები

WaPo: უკრაინა 24 თებერვალს მოსკოვზე დარტყმას გეგმავდა, მაგრამ აშშ-ის თხოვნით გადადო

24 აპრილი, 2023 • 1409
WaPo: უკრაინა 24 თებერვალს მოსკოვზე დარტყმას გეგმავდა, მაგრამ აშშ-ის თხოვნით გადადო

უკრაინის სამხედრო დაზვერვას 24 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, მოსკოვზე მასობრივი დარტყმის გეგმები ჰქონდა, მაგრამ მათზე უარი აშშ-ის თხოვნით თქვა, იუწყება „ვაშინგტონ პოსტი“ პენტაგონიდან გამოჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით.

როგორც დოკუმენტებშია ნათქვამი, სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელს, კირილ ბუდანოვს რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიებზე დარტყმები ჰქონდა განზრახული „ყველაფრით, რაც [უწყების] განკარგულებაშია“.

კერძოდ, ამ ინფორმაციის თანახმად, დარტყმების განხორციელება იგეგმებოდა ნოვოროსკიის პორტსა და მოსკოვზე.

ვაშინგტონში შიშობდნენ, რომ ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს მოსკოვის აგრესიული პასუხი შეეძლო გამოეწვია და აშშ-სა და რუსეთის პირდაპირი დაპირისპირების თავიდან აცილების ფარგლებში აშშ-მა სთხოვა კიევს, გადაედო ეს დარტმები.

დოკუმენტებში, რომელსაც გამოცემა აქვეყნებს, არ არის ახსნილი, კონკრეტულად ვინ სთხოვა ეს უკრაინას და რატომ მიიღო თანხმობა კიევისგან.

„ზოგი ამერიკელი ოფიციალური პირი განიხილავს თავდასხმას რუსეთზე, განსაკუთრებით ამერიკული იარაღით, როგორც მეტად რისკიან ოპერაციებს, რომლებიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეიძლება იმდენად რისკიანად ეჩვენოს, რომ იგი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს“, – აღნიშნულია დოკუმენტებში.

აქამდე „პოსტი“ იუწყებოდა, რომ უკრაინა სირიაშიც გეგმავდა რუსულ ძალებზე დარტყმას.

მასალების გადაბეჭდვის წესი