ახალი ამბები

WaPo: უკრაინის დაზვერვა გეგმავდა სირიაში რუსეთის ძალებზე დარტყმას

21 აპრილი, 2023 • 946
WaPo: უკრაინის დაზვერვა გეგმავდა სირიაში რუსეთის ძალებზე დარტყმას

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა მუშაობდა გეგმებზე, რომ სირიაში რუსულ ძალებზე დარტყმები განეხორციელებინათ, იუწყება „ვაშინგტონ პოსტი“ პენტაგონიდან გამოჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით.

გამოცემის ვარაუდით, ამ ოპერაციით კიევს იმედი ჰქონდა, რომ მოსკოვს აიძულებდა, ძალების ნაწილი უკრაინიდან სირიაში გადაეყვანა.

დოკუმენტების თანახმად, დაზვერვაში დარტყმის ორგვარ გეგმაზე მუშაობდნენ:

  • უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა – „ცოტათი დაწყება“, ან სულაც „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლებით შემოფარგვლა;
  • სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) წევრების რეკრუტირება რუსულ ობიექტებზე შეტევისთვის.

დოკუმენტების თანახმად, დემოკრატიული ძალები უკრაინის შეთავაზებას დათანხმდნენ, მაგრამ მოითხოვეს, რომ უკრაინას უზრუნველყო მათი მებრძოლების მომზადება, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება და მომხდარის საიდუმლოდ დატოვება.

ამავე დოკუმენტების თანახმად, გეგმის შესახებ ცნობილი იყო თურქეთისთვისაც და ანკარა სთხოვდა კიევს, ოპერაციები ქურთების კონტროლირებადი ტერიტორიიდან განეხორციელებინა, ნაცვლად იმ რაიონებისა, რომელთა ნაწილსაც თურქეთის მხარდაჭერილი ჯგუფები აკონტროლებენ.

„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ გეგმაზე მუშაობა მიდიოდა, თუმცა დეკემბერში შეჩერდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით. დოკუმენტების თანახმად, პენტაგონი ვარაუდობდა, რომ ზელენსკის გადაწყვეტილებისკენ რამდენიმე მიზეზმა უბიძგა:

  • ზეწოლა აშშ-ის მხრიდან;
  • უპილოტო საფრენი აპარატების უკმარისობა;
  • ეჭვი, რომ შეტევა წარმატებული არ იქნებოდა;
  • გადაწყვეტილება, რესურსების კონცენტრაცია მომხდარიყო რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიებზე დარტყმებისთვის.

უკრაინისა და თურქეთის ხელისუფლებებმა „ვაშინგტონ პოსტს“ კომენტარი არ მისცეს, ხოლო „სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დოკუმენტები ნამდვილი არ არის და SDF-ს არ მიუღია მონაწილეობა კონფლიქტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი