ახალი ამბები

პენტაგონიდან უკრაინის ომზე დოკუმენტებმა გაჟონა — რა გავიგეთ

10 აპრილი, 2023 • 1514
პენტაგონიდან უკრაინის ომზე დოკუმენტებმა გაჟონა — რა გავიგეთ

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტიდან (პენტაგონი) გაჟონილი დოკუმენტები, – ზოგიერთი საიდუმლოს გრიფით, – ინტერნეტში მარტის ბოლოს გავრცელდა და ეხება არაერთ სენსიტიურ საკითხს, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომს.

მომხდარის გამო კიევმა, „სი-ენ-ენ“-ის წყაროს განცხადებით, შეცვალა თავისი საომარი გეგმები, ხოლო ვაშინგტონის წარმომადგენლები შიშობენ, რომ დოკუმენტებმა შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროები და ურთიერთობები მოკავშირეებთან.

„აგერ, ცოტა გაჟონილი დოკუმენტები“

დოკუმენტების ავთენტურობას ფაქტობრივად ადასტურებს ამერიკული მხარე – როგორც პენტაგონში ამბობენ, უწყებათაშორისი ძალისხმევით ცდილობენ, გაჟონვის მასშტაბი და შედეგები შეაფასონ. იუსტიციის დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება. თეთრ სახლში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, დოკუმენტები რუსეთის „ფიქტიურ ინფორმაციაზეა“ დაფუძნებული, „არაფერი აქვს საერთო უკრაინის რეალურ გეგმებთან“ და ავთენტურიც არ არის.

„ბელინგკეტის“ გამოძიების თანახმად, დოკუმენტების პუბლიკაცია მოხდა საკომუნიკაციო აპლიკაცია „დისკორდში“. კერძოდ, თამაშ „მაინკრაფტში“ რუსეთ-უკრაინის ომის თაობაზე კამათის შესახებ ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა „აგერ, ცოტა გაჟონილი დოკუმენტები“ და ათი დოკუმენტი გამოაქვეყნა.

რას ვიგებთ დოკუმენტებიდან

არსებული ცნობებით, დოკუმენტებში, რომელთაგანაც ზოგი რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა, მოცემულია ინფორმაცია:

  • აშშ-ის მიერ, მათ შორის, მოკავშირეებზე (უკრაინა, ისრაელი, სამხრეთ კორეა) თვალთვალის შესახებ;
  • რუსეთ-უკრაინის დანაკარგებზე;
  • უკრაინის შესაძლო გეგმებზე.

კერძოდ, დოკუმენტებში ნათქვამია, რომ აშშ უთვალთვალებს ვოლოდიმირ ზელენსკის. უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ ეს არაა გასაკვირი, მაგრამ ამავე დროს დასძენს, რომ გაჟონვა იმედგაცრუებას იწვევს უკრაინის ხელისუფლებაში.

აგრეთვე, დოკუმენტებში მიმოხილულია უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ტექნიკის მოცულობა და მზადყოფნა.

დოკუმენტები აგრეთვე შესაძლოა ხსნიდეს, თუ რატომ ყოყმანობს ვაშინგტონი კიევისთვის შორი მანძილის იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით.

„დაზვერვის თანახმად, თებერვლის ბოლოს როსტოვის ოლქში (რუსეთში), ჯარის განთავსების წერტილებზე ზელენსკიმ მოახდინა დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით“.

თეთრი სახლისა და პენტაგონის წარმომადგენლების განცხადებით, კიევისთვის იარაღის გადაცემაზე სწორედ იმ შიშის გამო ყოყმანობენ, რომ უკრაინა დარტყმებს რუსეთის ტერიტორიის შიგნით განახორციელებს, მიუხედავად უკრაინის დაპირებისა, რომ ასე არ იქნება. ვაშინგტონში ასევე მიიჩნევენ, რომ ასეთ დარტყმებ ჩინეთი გამოიყენებს ნატოს „აგრესორად გამოსაყვანად“ და რუსეთის დასახმარებლად.

ამავე დროს, დოკუმენტები გვაჩვენებს, რომ აშშ ბევრ ინფორმაციას იღებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან და „ვაგნერის“ ჯგუფის წყაროებისგან, ან ხელთ იგდებს დაფარულ კომუნიკაციას. მათ შორის, კონკრეტულად რომელ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე აპირებს დარტყმას რუსეთი და როგორ აპირებს მოსკოვი დასავლურ ტანკებთან ბრძოლას.

გაჟონვის გამო არსებობს შიში, რომ რუსეთში ახლა კომუნიკაციის მეთოდებს შეცვლიან, ხოლო ვაშინგტონის წყაროებს საფრთხე დაემუქრებათ.

დოკუმენტებში აგრეთვე ფიგურირებს მხარეების დანაკარგები [მოკლულები, დაჭრილები, ტყვედ ჩავარდნილები, დაკარგულები] ომში:

  • რუსეთი – 189 500-დან 223 000-მდე, მათ შორის – 43 000 მოკლული;
  • უკრაინა – 124 500-დან 131 000-მდე, მათ შორის – 17 500 მოკლული.

მასალების გადაბეჭდვის წესი