სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანში გამშვები პუნქტის გახსნას და ფაქტს უკანონო უწოდა.
“23 აპრილს აზერბაიჯანმა უხეშად დაარღვია 2020 წლის 9 ნოემბრის 6- პუნქტიანი განცხადება და უკვე ოფიციალურად გადაკეტა ლაჩინის კორიდორი გამშვები პუნქტის ჩადგმით რუსული სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში. ეს საფრთხეს უქმნის ყველა მოლაპარაკებას შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
რუსეთის ფედერაციას მოვუწოდებთ, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება 2020 წლის 6- პუნქტიანი განცხადების ფარგლებში და გააუქმოს ლაჩინის კოროდორის უკანონო ბლოკადა”, – ნათქვამია სომხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
თავად აზერბაიჯანი აცხადებს, რომ გამშვები პუნქტის მოწყობა ხელს შეუწყობს ყარაბაღში მცხოვრებთა უსაფრთხო და გამჭვირვალე გადაადგილების პროცესს.
2022 წლის დეკემბერში აზერბაიჯანმა ყარაბაღელებისთვის ერთადერთი სასიცოცხლო გზა – ლაჩინის დერეფანი ჩაკეტა. ეს გზა სომხეთსა და ყარაბაღს აკავშირებს. გზის ჩაკეტვამ ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებისა და ჰუმანიტარული სახის პრობლემები შეუქმნა.
გაეროს მართლმსაჯულების სასამართლომ 22 თებერვალს გამოაქვეყნა დადებითი გადაწყვეტილება სომხეთის 2022 წლის 29 დეკემბრის მიმართვაზე, სადაც ყარაბაღელებისთვის ერთადერთი გზის გახსნის თაობაზე ქვეყანა დროებითი ზომების მიღებას ითხოვდა.
გზა, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, დეკემბრის შემდეგ ოფიციალურად აზერბაიჯანელი “ეკოაქტივისტების” მიერ იყო ჩაკეტილი. ასევე, ოფიციალურ მიზეზად მათ დაასახელეს ყარაბაღში არსებულ საბადოებზე აზერბაიჯანული მხარის წვდომაზე შეზღუდვა და იქ შექმნილი ეკოლოგიური პრობლემები. თუმცა სომხური მხარე და ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიზანი არის ყარაბაღელების იზოლაცია, მათთვის ჰუმანიტარული კრიზისის შექმნა და ეთნიკური წმენდა.
აზერბაიჯანული მხარე 100-მდე ადამიანს ყარაბაღში, საკუთარ სახლში არ ატარებს