Netgazeti&Batumelebi “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტისა”(IPI) და “საერთაშორისო მედია მხარდაჭერის”(IMS) მიერ დაწესებული ჯილდოს, “თავისუფალი მედიის ნოვატორის” ფინალურ ათეულში მოხვდა.
ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოს გარშემო შეარჩიეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, რომლებიც ინოვაციური მეთოდებით მუშაობენ, რათა საზოგადოების ინფორმირება უზრუნველყონ. ჯილდო 1996 წელს დაწესდა.
Netgazeti&Batumelebi-თან ერთად, ფინალისტთა სიაში მოხვდნენ დამოუკიდებელი მედიასაშუალებები იორდანიიდან, ინდოეთიდან, პარაგვაიდან, ყირგიზეთიდან, მიანმარიდან, ინდონეზიიდან, სომალიდან და ბელარუსიდან.
“პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი” გამოცემა Netgazeti&Batumelebi-ზე წერს:
„ბათუმელები“ არის ადგილობრივი საინფორმაციო გამოცემა, რომელიც აჭარის რეგიონში საქმიანობს. ის 2009 წელს გაფართოვდა თბილისში დაფუძნებული ნაციონალური საინფორმაციო პლატფორმის, “ნეტგაზეთის” ამოქმედებით.
“ბათუმელები” ფოკუსირებულია ადგილობრივ [საკითხებზე], ურთიერთობს თავის აუდიტორიასთან თემის პრობლემების გაშუქებით და მათი გადაჭრის გზების ძიებით.
“ნეტგაზეთმა” და “ბათუმელებმა” გამოიარა თავდასხმები, მუქარა, შანტაჟი, დაკავებები და დარჩნენ პოლიტიკური და ბიზნეს ინტერესებისგან დამოუკიდებელ [მედიაკომპანიად] უკიდურესად პოლარიზებულ ლანდშაფტში, სადაც პრესის თავისუფლება მუდმივად იკლებს.
ის ერთგულია ჟურნალისტიკისა, რომელიც ადგილობრივ თემებსა და საზოგადოების ინტერესებს ემსახურება, რაც გამოიხატება გაბედული რეპორტაჟებით თემებში, როგორებიცაა ქართველი მუსლიმების უფლებების დარღვევა, ქალთა მიმართ ძალადობა და ჰომოფობია”.
“ბათუმელების” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ორგანიზაციას ეუბნება, რომ Netgazeti&Batumelebi იბრძვიან, რათა გადარჩნენ, როგორც თავისუფალი, ეთიკური მედია და განაგრძონ განვითარება იმ ფონზე, როცა საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი უარესდება და ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ იხრება რუსული ჰიბრიდული ომის ფონზე.
“ჩვენ ვიყენებთ ინოვაციურ ჟურნალისტიკას დემოკრატიის გასაძლიერებლად, აზრთა მრავალფეროვნების გასაძლიერებლად და იმისთვის, რომ ხელისუფლებამ იგრძნოს პასუხისმგებლობა.
საერთაშორისო მედია საზოგადოების მხარდაჭერა გადამწყვეტია ჩვენი ძალისხმევისა და ქართული მედიის მომავლისთვის. ჩვენი ბრძოლისა და მიღწევების თქვენ მიერ აღიარება გვაძლევს იმედს და შთაგონებას, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა”, — დასძენს მზია ამაღლობელი.
პრიზის მფლობელ ერთ მედიაორგანიზაციას ვენაში, “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის” მსოფლიო კონგრესზე დააჯილდოებენ.
გასულ წლებში “თავისუფალი მედიის ნოვატორის” ჯილდო გადაუციათ რიგი დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისთვის, როგორიცაა რუსული “ნოვაია გაზეტა”. 2019 წელს ეს პრიზი მიიღო ეგვიპტურმა გამოცემამ “მადა მასრ”, რომელიც ერთ-ერთი უკანასკნელი დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა ეგვიპტის შიგნით.
საერთაშორისო ორგანიზაციის – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“(RSF) – ინდექსში, რომელიც პრესის თავისუფლებას ზომავს, 2022 წელს საქართველო 89-ე ადგილზე, 29 პუნქტით ჩამოქვეითდა. მანამდე ქვეყანა მე-60 ადგილს იკავებდა.
ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ოფიციალური ჩარევა ძირს უთხრის ქვეყანაში პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს. ამასთან, ავტორები ხაზს უსვამენ 2021 წელს ქვეყანაში ჟურნალისტებზე ფიზიკური შეურაცხყოფის უპრეცედენტო რაოდენობას, მათ შორის, 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ათეულობით ჟურნალისტზე ძალადობას პოლიციის თვალწინ.
მეორე მხრივ, ორგანიზაცია Freedom House-ის 2022 წლის ანგარიშით, საქართველოში გაუარესდა, ზოგადად, დემოკრატიის მაჩვენებელიც. ანგარიში მედიის დამოუკიდებლობის კომპონენტსაც მოიცავს და აერთიანებს “გარდამავალ ეტაპზე მყოფ” 29 სახელმწიფოს ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე.








